
iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა ყოველწლიურ შემოდგომის პრეზენტაციაზე საკუთარი პირველი დასაკეცი სმარტფონი, iPhone Duo ოფიციალურად წარადგინა.
არსებული ინფორმაციით, წიგნის ფორმის დიზაინის მქონე მოწყობილობა 7.6-დიუმიან შიდა ეკრანსა და 5.4-დიუმიან გარე ეკრანს აერთიანებს. გაშლილ მდგომარეობაში კორპუსის სისქე 5.2 მილიმეტრს უტოლდება, ხოლო დაკეცილ მდგომარეობაში - 11.3-ს.
სმარტფონის ტიტანის ჩარჩო ნახშირბადის ბოჭკოთია გამაგრებული. მტვრისა თუ წყლისგან მოწყობილობას IP68 სტანდარტი იცავს. აღსანიშნი ფაქტია, რომ Duo-ს ორივე ეკრანი Apple Pencil-ს ერგება. ადგილის სიმწირის გამო, უსაფრთხოების სისტემა Face ID Apple-მა ტრადიციული და ძველი თაობებისთვის დამახასიათებელი Touch ID-ით ჩაანაცვლა და ის ჩართვის ღილაკშია ჩაშენებული.
რაც შეეხება ტექნიკურ მონაცემებსა და ელემენტის რესურსს, სმარტფონი A20 Pro-ს პროცესორზე მუშაობს და 48-მეგაპიქსელიანი ორმაგი წინა კამერით აღიჭურვა. დასაკეც ტელეფონს ასევე გამოარჩევს ის, რომ შიდა კამერა პირველად ეკრანის ქვეშ მოთავსდა.
საყურადღებოა, რომ პროგრამული უზრუნველყოფა შიდა ეკრანზე ერთდროულად ორი აპლიკაციის მუშაობას უზრუნველყოფს და მომხმარებელს გაფართოებულ მრავალფუნქციურ რეჟიმს სთავაზობს. მოწყობილობა გლობალურად მხოლოდ eSIM-ბარათს იყენებს და ბატარეისთვის მეტ სივრცეს ათავისუფლებს.
ენერგია გარე ეკრანზე ვიდეოს ყურებისას 44 საათს ძლებს, ორივე ეკრანის პარალელურად გამოყენების შემთხვევაში კი მუშაობის ხანგრძლივობა 24 საათს აღწევს. სადენიანი დამუხტვის ხუთი წუთი ენერგიას ხუთი საათით ზრდის.
iPhone Duo-ს 256-გიგაბაიტიანი საბაზისო ვერსიის ფასი $1,999 იქნება, ხოლო 2-ტერაბაიტიანი მოდელის ღირებულება $3,199-ს მიაღწევს. მოწყობილობის წინასწარი შეკვეთები 16 ოქტომბერს დაიწყება, გაყიდვები კი 23 ოქტომბრიდან გაიხსნება.
Apple-მა ღონისძიებაზე სხვა მოწყობილობებიც წარადგინა. პირველი პროდუქტი, რომელიც მომხმარებელმა იხილა, კომპანიის ფლაგმანური მოდელები, iPhone 18 Pro და iPhone 18 Pro Max იყო. ორივე სმარტფონი TSMC-ს უახლეს ორნანომეტრიან A20 Pro-ს ჩიპზე აეწყო. მას ექვსბირთვიანი ცენტრალური პროცესორი და 32-ბირთვიანი ნეირონული ძრავი აქვს. განახლებული გრაფიკული პროცესორი სიმძლავრეს iPhone 17 Pro-სთან შედარებით 40%-ით ზრდის, მეხსიერების გამტარუნარიანობა კი 50%-ით გაუმჯობესდა.
გაგრილების ახალი სისტემა ორთქლის გამოყოფის უნიკალურ სისტემას მოიცავს და ტემპერატურის 40%-ით შემცირებას უზრუნველყოფს. რაც შეეხება კამერას, ძირითადი 48-მეგაპიქსელიანი კამერა ცვლადი დიაფრაგმით გამოირჩევა, ფოტოების ავთენტურობის დასაცავად კი მოწყობილობა SynthID-ის სტანდარტს იყენებს. ახალ iPhone-ებში შემცირდა ეკრანზე წარმოდგენილი ჭრილის, ე.წ. დინამიკური კუნძულის ზომაც, რომელსაც უკვე ერთდროულად სამი მიმდინარე პროცესის დეტალების ასახვა შეუძლია.
iPhone 18 Pro Max-ის ბატარეა ვიდეოს რეჟიმში 45 საათს ძლებს, რაც მას ამ სერიის Apple-ის სმარტფონების ისტორიაში მას უკონკურენტოს ხდის. კომპაქტური iPhone 18 Pro-ს მუშაობის ხანგრძლივობა 36 საათი იქნება. აღსანიშნი ფაქტია, რომ სადენით დატენვისას 50%-მდე დამუხტვა უკვე 15 წუთში იქნება შესაძლებელი.
ახალი მოდელები 4 ძირითად ფერშია წარმოდგენილი. ესენია - თეთრი, შავი, მოცისფრო (მყინვარი) და მუქი შვინდისფერი (ბურგუნდია).
რაც შეეხება ღირებულებას, მეხსიერების კომპონენტების გაძვირების გამო, ორივე მოდელის ფასი წინა თაობასთან შედარებით $100-ით გაიზარდა. iPhone 18 Pro-ს საწყისი ღირებულება $1,199-ს შეადგენს, ხოლო iPhone 18 Pro Max-ის ფასი $1,299-დან იწყება. სმარტფონების წინასწარი შეკვეთები 12 სექტემბერს დაიწყება, ოფიციალური გაყიდვები კი 18 სექტემბერს გაიხსნება.
გარდა ტელეფონებისა Apple-მა მომხმარებლებს უსადენო ყურსასმენების ახალი თაობა, AirPods 5 გააცნო. საბაზისო მოდელს აქვს ღია ტიპის (სილიკონის საფარველის გარეშე) აქტიური ხმაურის ჩახშობის სისტემა, რომელიც გარემო ხმაურს 50%-ით მეტად ფილტრავს, თუმცა ასეთ შემთხვევაში ელემენტი მხოლოდ 4 საათს ძლებს. დამტენ ქეისთან ერთად ყურსასმენების მუშაობის საერთო ხანგრძლივობა 20 საათს აღწევს. მოწყობილობას მტვრისა და წყლისგან IP57 სტანდარტი იცავს.
გაუმჯობესებული ვერსიის მუშაობის ხანგრძლივობა ხუთ საათს შეადგენს, ქეისის დახმარებით კი საერთო დრო 22 საათამდე იზრდება.
რაც შეეხება ღირებულებას, საბაზისო AirPods 5-ის ფასი $129-ს შეადგენს, ხოლო უსადენო ქეისის მქონე მოდელის ღირებულება $149-ს უტოლდება. მოწყობილობების წინასწარი შეკვეთა უკვე გაიხსნა, გაყიდვები კი 18 სექტემბერს დაიწყება.
Apple-მა პრეზენტაციაზე ახალი ჭკვიანი საათებიც წარადგინა. საუბარია Apple Watch Series 12-სა და Apple Watch Ultra 4-ზე, რომლებიც ახალ S11 ჩიპს იყენებენ და ჯანმრთელობის მონიტორინგის გაუმჯობესებულ სენსორებს ეყრდნობიან. ისინი გულისცემის სიხშირის გაზომვას ყოველ ხუთ წამში ერთხელ უზრუნველყოფენ. ამასთან, სისტემა მომხმარებელს ენერგიისა და ფიზიკური მზადყოფნის შესახებ ყოველდღიურად ქულებს დაუწერს.
მართალია, Apple-მა ვიზუალური თვალსაზრისით ცვლილებები არ შემოიტანა, თუმცა, სანაცვლოდ, მოწყობილობებს დაემატა ხელოვნური ინტელექტის სისტემები. საუბარია Audio Intelligence-ის ფუნქციაზე, რომელსაც გარემოში ხმოვანი განგაშის დაფიქსირება და საუბრის სიტყვა-სიტყვით გაშიფვრა შეუძლია. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ ნაბიჯის მიზანია, მომხმარებელს შეეძლოს, მარტივად და სწრაფად შეაჯამოს საქმიანი შეხვედრები.
Apple Watch Series 12-ის ელემენტი 24 საათს ძლებს, Apple Watch Ultra 4-ის მუშაობის დრო კი სტანდარტულ რეჟიმში 50 საათს აღწევს. აღსანიშნავია, რომ ექსტრემალურ პირობებში Ultra 4 ენერგიის დამზოგავ რეჟიმში 84 საათს იმუშავებს, ხოლო 15-წუთიანი დამუხტვა ენერგიას 18 საათით შეავსებს.
რაც შეეხება ღირებულებას, Apple Watch Series 12-ის საწყისი ფასი $399-ს იქნება, ხოლო Apple Watch Ultra 4-ის ღირებულება $799-დან დაიწყება. მოწყობილობების წინასწარი შეკვეთა უკვე დაიწყო, მაღაზიებში კი საათები 18 სექტემბრიდან გამოჩნდება.
ახალ მოწყობილობებზე საუბრის გარდა Apple-მა მომხმარებლებს განახლებული ხმოვანი ასისტენტი, Siri AI და ოპერაციული სისტემა OS27-ც წარუდგინა. ორივე მათგანი აქტიურად იყენებს Google-ის Gemini-ს ხელოვნურ ინტელექტს და მოწყობილობების ეკოსისტემაში ღრმადაა ინტეგრირებული. ახალ ციფრულ ასისტენტს აქვს უნარი, 300,000-ზე მეტ გარე პროგრამასთან იმუშაოს და მომხმარებლის დავალებები მათთან ინტერაქციით შეასრულოს.
ახალ ოპერაციულ სისტემა iOS 27-ში დეველოპერებმა iPhone Handoff ფუნქციაც ჩააშენეს, რომელიც ერთი მობილური ნომრის რამდენიმე მოწყობილობაზე ერთდროულად გამოყენებას უზრუნველყოფს. ეს სერვისი პირველ ეტაპზე T-Mobile-ისა და Deutsche Telekom-ის ქსელებში გააქტიურდება, წლის ბოლომდე კი პარტნიორებს Verizon-ი და EE შეუერთდებიან.
საყურადღებოა, რომ ოპერაციული სისტემების საბოლოო ვერსიები მომხმარებლებისთვის 14 სექტემბერს გამოვა. საწყის ეტაპზე Siri AI მხოლოდ ინგლისურ ენაზე იმუშავებს, ოქტომბერში კი სერვისს ფრანგული, იაპონური, კორეული, პორტუგალიური და ესპანური ენები დაემატება. მარეგულირებელი შეზღუდვების გამო, ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები ევროკავშირის ტერიტორიაზე განუსაზღვრელი ვადითაა გადადებული, ჩინეთში კი სერვისი საერთოდ არ გაეშვება.
დასასრულს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიმდინარე ღონისძიებაზე Apple-ის ახალი მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ჯონ ტერნუსი ამ სტატუსით მაყურებელს პირველად შეხვდა. მან წინამორბედისგან კომპანია 1 სექტემბერს გადაიბარა.
BM.GE
წყარო: bm.ge