
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. IPN-ის წერს, რომ გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო.
მათივე ცნობით, დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ამასთან, გადაწყდა საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის საკითხიც.
პროკურორ ანა ლეკიაშვილის განმარტებით, საქმის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
დაცვის მხარის განმარტებით კი, ღარიბაშვილის მიმართ საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო. ადვოკატ ლალი აფციაურის თქმით, ღარიბაშვილის ბრალი ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძის ჩვენებას ეფუძნება.
აფციაურის თქმით, ბურჭულაძის ჩვენება არის ზედაპირული და არ არის მითითებული დანაშაულის ჩადენის გარემოებები, რა ფორმით მოხდა თანხის სავარაუდო გადაცემა, შესაბამისად, ჩვენება, რომელიც არ შეუცავს მკაფიო ფაქტებს, ვერ დაედება საქმეს საფუძვლად.
ადვოკატის თქმითვე, საქმეში არსებული მეორე მტკიცებულება მხეიძის ჩვენებაა, რომელიც ირიბია, რადგან მხეიძე არ ყოფილა თანხის გადაცემის მოწმე. მისივე განცხადებით, ბურჭულაძე და მხეიძე არიან ნათესავები, „ორივე მათგანმა მიიღეს შეღავათები და შესაბამისად, ერთადერთი მათი მიზანი იყო საკუთარი თავისუფლების მოპოვება“.
მოსამართლე კალიჩენკომ საქმის წარმოება არ შეწყვიტა.
ცნობისთვის, ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ მისცეს. მათი ჩვენების შესაბამისად, შესყიდვების, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან 750 000 ლარი ირაკლი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა, 750 000 ლარი კი თავად დაიტოვა, ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.
ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.
BM.GE
წყარო: bm.ge