
ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი გაიხსნა - ნათია თამაზაშვილი
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ნათია თამაზაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესები საზოგადოებრივი წნეხის დამსახურებით გაიხსნა. წერს IPN.
როგორც თამაზაშვილი განმარტავს, ყოფილი პრემიერი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
„სიმართლე გითხრათ, გახსნასთან დაკავშირებით ლოგიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ჩვენ გასულ სხდომაზეც კატეგორიულად არ ვეთანხმებოდით დახურვას. ვფიქრობ, საზოგადოებრივმა წნეხმა გამოიწვია ეს შედეგი, რაც დღეს მივიღეთ და სხდომა გაიხსნა”, - აცხადებს თამაზაშვილი.
ამასთან, ადვოკატის თქმით, სამართლიანი სასამართლოს პირობებში ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი.
"მე ვერ გეტყვით რა შეიცვალა, ამას ალბათ შემდეგი სხდომები გვიჩვენებს. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ეს სასამართლო პროცესები შედეგს მოიტანს და სამართლიანი სასამართლოს პირობებში უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი",- განაცხადა თამაზაშვილმა.
თავის მხრივ საქმის პროკურორი ანი ლეკიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ პროცესების გახსნის გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო.
„პროცესის დასაწყისს, სასამართლომ საკუთარი ინიციატივით აღნიშნა, რომ საჯაროობის პრინციპიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ აღნიშნული პროცესი უნდა გაგრძელებულიყო საჯარო რეჟიმში, შესაბამისად, ეს იყო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მიიჩნევს, რომ სხდომა შეიძლება დაიხუროს და მათ შორის შეიძლება იყოს ღია სასამართლოს ინიციატივით, ან მხარის შუამდგომლობით. დღეს უკვე სასამართლომ თავად მიიღო გადაწყვეტილება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილება, აქ მხარეებს პროტესტი არ გამოუთქვამთ, შესაბამისად ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მის მიერ მიღებული და მან იცის რა დაედოს ამას საფუძვლად. თუმცა სასამართლომ თვითონ განმარტა, რომ ეს იყო საჯაროობის პრინციპი.
ამ ეტაპზე სასამართლო სხდომები, არის სრულად საჯარო, მომავალში თუ იქნება იმის ალბათობა, რომ შესაძლებელია მსგავსი სახის [საიდუმლოების შემცველ მასალები, საიდუმლო ინფორმაციის გაჟღერება მოწმეების დაკითხვისას] ინფორმაცია გაჟღერდეს, შეიძლება სასამართლომ მიიჩნიოს,რომ აუცილებელია ნაწილობრივ ან სრულად დახურვა, თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის“, - აღნიშნა ანი ლეკიაშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ექსპრემიერი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.
BM.GE
წყარო: bm.ge