
ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია მეხის გავარდნის ფუნქცია შეასრულოს, მაგრამ ის მშიშარა კაცია|ინტერვიუ თინა ხიდაშელთან
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარისა და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გაგზავნილი წერილები, რეალურად, არაფრის მთქმელია და მხოლოდ “სპონტანური სიბრაზის ამოფრქვევას” წარმოადგენს. [ინტერვიუ ჩაიწერა მეხუთე წერილის გავრცელებამდე]
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში განაცხადა, იმისთვის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიურობას რაიმე ფასი ჰქონდეს, მას სიმამაცე უნდა ეყოს, რათა საზოგადოებას სიმართლე მოუყვეს, თუმცა ყოფილ მინისტრს ამის მოლოდინი არ აქვს.
„ის უბრალოდ მშიშარა კაცია და ასევე, მას არა აქვს საკმარისი ინტელექტი იმისთვის, რომ მიხვდეს, სინამდვილეში რა სჭირდება მას და რა დაეხმარებოდა მის მდგომარეობას“, - აღნიშნა ხიდაშელმა.
რას იგებს ბიძინა ივანიშვილი ყოფილი თანაგუნდელების, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებით? - ამ კითხვაზე პასუხად თინა ხიდაშელმა თქვა, რომ ივანიშვილს არა - ღარიბაშვილის სამომავლო პოლიტიკური ამბიციების შეეშინდა, არამედ იმოქმედა ავტორიტარული მმართველობის კლასიკური წესით - ჩაკლა პარტიის შიგნით ალტერნატიული ძალაუფლების ცენტრების გაჩენის ყოველგვარი შესაძლებლობა.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს მიაჩნია, რომ ყოფილი თანაგუნდელებისა და განსაკუთრებით ყველაზე ერთგული კადრების დაპატიმრებით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ერთპიროვნული მმართველობის შენარჩუნებას ახორციელებს და გუნდის შიგნით დამთრგუნველ ეფექტს ქმნის.
ინტერვიუ თინა ხიდაშელთან
- რას გვიყვება ირაკლი ღარიბაშვილის წერილები?
- რეალურად არაფერს. ჩვენ არ ვსაუბრობთ რიგით ჩინოვნიკზე, რომელმაც შეიძლება რამე ყურ-მოკვრით იცოდეს. ვსაუბრობთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრაქტიკულად მთელი პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პირზე, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დროით ის ჩამოშორებული იყო თანამდებობას. ბუნებრივია, მას პარტიის შიგნით ბერკეტებიც რჩებოდა, ინფორმაციაც და გავლენაც. ყველამ ძალიან კარგად ვიცით - ამაზე ხშირად გვისაუბრია, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის დიდი უმრავლესობისთვის ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე მისაღები, სანდო და „მათიანი“ ლიდერია. მას ვერაფრით შეედრება და გვერდითაც კი ვერ მოვა ირაკლი კობახიძე ან რომელიმე ის ადამიანი, რომლებიც ახლა თავის თავს პარლამენტის წევრებს ან მინისტრებს ეძახიან. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის უდიდესმა უმრავლესობამ ამ ხალხის გვარები და სახელებიც კი არ იცის. ამომრჩევლის ძირითადი მასა - ის, რომელიც არა მხოლოდ მიდის არჩევნებზე და ხმას აძლევს „ქართულ ოცნებას“, არამედ მზად არის, „ქართული ოცნების“ დასაცავად ყველა განსხვავებული აზრის მატარებელს ყელი გამოღადროს - სწორედ ირაკლი ღარიბაშვილისნაირები, მისი იდეოლოგიის, ხედვებისა და ფილოსოფიის მატარებლები არიან. ამიტომაც იყო ის ყველაზე პოპულარული ადამიანი. შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანამდებობაზე არ იმყოფებოდა, ეს არაფერს ცვლიდა. დღეს, როდესაც ის პატიმარია და საზოგადოებასთან გარკვეული ტიპის კომუნიკაცია დაიწყო, სინამდვილეში მაინც არაფერი ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეხუთე წერილი ვრცელდება - ისიც კი არ მახსოვდა, რომ ხუთი იყო, იმდენად არაფრის მთქმელი აღმოჩნდა ეს გზავნილები. ეს მხოლოდ ადასტურებს იმას, რაც ჩემთვის ისედაც ცხადია: მისგან არავითარი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. რეალურად, ასეთ დროს ადამიანს ორი რამ სჭირდება იმისთვის, რომ მისი აქტიურობისგან საზოგადოებისთვის, ქვეყნისა და მოსახლეობისთვის რაიმე შედეგი დადგეს. ის უკვე პატიმარია, საპროცესო შეთანხმებაც გაფორმებული აქვს და აღიარებული აქვს ყველა დანაშაული, რასაც აქამდე ედავებოდნენ - ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე ვიცით, თუმცა ის საპროცესო გარიგება თვალით არავის უნახავს.
- ირაკლი ღარიბაშვილმა ჩუმად და სწრაფად არჩია ციხეში წასვლა…
- დიახ, მისი გადაწყვეტილება და არჩევანი იყო, რომ ეს ყველაფერი სწრაფად და ჩუმად მომხდარიყო. შემდეგ, უცბად, გარკვეულ მომენტში ვრცელდება ის პირველი განცხადება, რომელიც დღემდე რჩება ერთადერთ შინაარსიან გზავნილად. იქ ის სრულიად ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ დაინახა საფრთხე, რომელიც მის ოჯახს ემუქრება. ეს განცხადება მუქარანარევ გაფრთხილებას ჰგავდა და მასში იყო არა უბრალოდ მინიშნება, არამედ პირდაპირი მითითება ბიძინა ივანიშვილზე, მაგრამ ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გარკვეული ინფორმაციები ვრცელდება, სინამდვილეში ნულოვან მდგომარეობაში ვართ. უკან დახევაც ვნახეთ, იმიტომ რომ უცებ ბიძინა ივანიშვილი მამუკა მდინარაძით ჩანაცვლდა. ბევრს აღარ ვისაუბრებ ამ თემაზე, მასზე საუბარი საერთოდ არ მსიამოვნებს და არც მაინტერესებს - მასთან დაკავშირებით ჩემთვის ყველაფერი დიდი ხანია ნათელია: იმისათვის, რომ ახლა, ციხიდან მის აქტიურობას რაიმე აზრი და ფასი ჰქონდეს, ერთადერთი შემთხვევა ის იქნებოდა, დღეს მაინც გადაეწყვიტა, რომ ამ თავისი პატიმრობით ან მის ოჯახზე განხორციელებული ზეწოლითა და მუქარით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საზოგადოებას მაინც დახმარებოდა იმ უბედურებიდან გამოსვლაში, რომელშიც იგი იმყოფება… სულ მახსენდება ირაკლი ოქრუაშვილის წასვლა მთავრობიდან და ის პრესკონფერენცია, რომელიც მაშინ მან გამართა. ეს იყო მეხის გავარდნასავით, გამომდინარე იქიდან, რომ მას ჰქონდა სიმამაცეც და ინტელექტიც იმისთვის, რომ ზუსტად სცოდნოდა და გაეთვალა, სად იყო მისი ფასი და რა შემთხვევაში დაედებოდა წონა მის სიტყვას...
- რა უნდა თქვას ირაკლი ღარიბაშვილმა?
- ირაკლი ღარიბაშვილმა იცის ძალიან ბევრი რამ; იცის სიმართლე ბევრ საკითხზე, ბევრი რამის თანამონაწილე თავადაც იყო. ამას ახლა პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მას შეუძლია საზოგადოების იმ ნაწილის გამოღვიძებისთვის, რომელსაც ჯერ ისევ საღათას ძილით სძინავს და ილუზიებშია, სწორედ მეხის გავარდნის ფუნქცია შეასრულოს, მაგრამ მე ამის მოლოდინი არ მაქვს, ნულოვანი მოლოდინი მაქვს, იმიტომ რომ მას არ აქვს ისეთი სიმამაცე და გამბედაობა, რაც ასეთი განცხადების გაკეთებას სჭირდება. ის უბრალოდ მშიშარა კაცია და ასევე არ აქვს საკმარისი ინტელექტი იმისთვის, რომ მიხვდეს, სინამდვილეში რა სჭირდება მას და რა დაეხმარებოდა მის მდგომარეობას.
- ამ "მშიშარა კაცს" რამ აიძულა მაშინ იმ პირველ წერილში, რომელიც ყველაზე შინაარსიანი იყო სხვა წერილებთან შედარებით და სადაც ბიძინა ივანიშვილი ახსენა?
- ვფიქრობ, ეს იყო სპონტანური სიბრაზის ამოფრქვევა. როგორც ჩანს, იმ მომენტში მას რაღაც უთხრეს ან რაღაც გაიგო. ეს იყო გაბრაზებული კაცის წერილი, რომელსაც უკვე რაციონალური პოლიტიკოსის წერილი უნდა მოჰყოლოდა, რაც ვერ ვნახეთ, იმიტომ რომ ის რაციონალური პოლიტიკოსი უბრალოდ არ არის.
- შეიძლება სხვა წერილები გარკვეული ვაჭრობის გაგრძელება იყოს? და აქვე გკითხავთ მის წერილებში მამუკა მდინარაძის ხსენებაზეც - დროშიც ძალიან დაემთხვა მამუკა მდინარაძის „დაღლა“, როგორც მან თქვა და პოლიტიკიდან წასვლა...
- იცით, როდესაც მამუკა მდინარაძე სუს-ის ხელმძღვანელობიდან გადააყენეს, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო და არ მიფიქრია, რომ ეს ასე სწრაფად მოხდებოდა, მაშინვე ვთქვი: ბიძინას ხელიდან ეს კაცი მკვდარია-მეთქი. ეს ნიშნავდა იმას, რომ ირაკლი კობახიძე რა თანამდებობასაც არ უნდა მოეგონებინა და რამდენ ხანსაც არ უნდა მოეხერხებინა მისი გადარჩენა, მდინარაძის ამბავი დასრულებული იყო და მის პოლიტიკურ ისტორიას წერტილი დასმული ჰქონდა. ახლა, ამას თუ მე ვხვდებოდი და ვხედავდი, ეს რთული არ უნდა ყოფილიყო იმ ხალხისთვის, რომელიც „ქართული ოცნების“ წიაღში ამდენი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. მათ ჩემზე უკეთ იციან, როგორ მუშაობს ბიძინა ივანიშვილის გონება და როგორ იღებს ის გადაწყვეტილებებს, ამიტომ რთული მისახვედრი არ იყო, რომ მდინარაძის დღეები დათვლილი იყო.
- შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილის წერილებმაც დააჩქარა ეს პროცესი?
- არა მგონია, წერილებს რამე დაეჩქარებინა. პირიქით, ვფიქრობ, წერილები ჩაეწერა იმ პროცესში, რაც ისედაც გარდაუვალი იყო. მან იცოდა, რომ ეს გარდაუვალი იყო და… როგორც ჩანს, გათვლა სწორედ ის იყო, რომ პირველი პატარა გამარჯვება ეზეიმა. მან იცოდა, რომ მდინარაძე უკვე წასული და დამშვიდობების პროცესში მყოფი ადამიანი იყო, მისი სახელის გამოყენებით კი ახლა შეეძლო შეექმნა მითოლოგია, თითქოს ეს მის გამო მოხდა...
- თქვენი შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პოლიტიკური პატიმარია?
- არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ ამაზე რამე ვთქვა. ჯერ ერთი, არ ვიცით, რა ტიპის საპროცესო გარიგება შედგა მასთან ანუ სინამდვილეში რა ბრალთან, რა დანაშაულთან და რა მტკიცებულებებთან გვაქვს საქმე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელია. ადამიანი ციხეში შეიძლება აღმოჩნდეს როგორც შერჩევითი სამართლიანობისა თუ შერჩევითი მართლმსაჯულების მსხვერპლი, ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ ამასობაში სახეზე იყო უკლებლივ ყველა ნიშანი იმ დანაშაულებისა, რომლებშიც მას ედავებიან. ასეთი ადამიანის პოლიტიკურ პატიმრად კვალიფიკაციისთვის ძალიან ბევრი პარალელური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს. ჩვენ ამის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ გვაქვს, საჯაროდ არაფერია ცნობილი, გარდა იმ ერთი გაბრაზებული ამოხეთქვისა, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს აკისრებს პასუხისმგებლობას, თუ მის ოჯახს რამე დაემუქრება, თუმცა არ ვიცით, ამის უკან რეალურად დგას თუ არა რამე და არის თუ არა ეს სიმართლე. დღეს, მაგალითად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას შვილებთან შეხვედრა გაუუქმეს. ეს თუ სიმართლეა, აბსოლუტური კატასტროფაა. ღარიბაშვილის მიმართ ნულოვანი სოლიდარობა მაქვს, საერთოდ არავითარი ემოცია არ მაკავშირებს მასთან, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი ამბავი. ეს არის კლასიკური მაგალითი და ნიშანი იმ დიქტატორული მმართველობის დამყარების მცდელობისა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს… რაიმე შეფასება რომ გავაკეთოთ და რამეს სახელი დავარქვათ, ამისთვის სიტყვების ჰაერზე სროლა და სტატუსების ჩამორიგება არ გამოდგება. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ანგარიშს ვუწევ თითოეულ სიტყვას, ამიტომ ზედმეტს ვერაფერს გეტყვით.
- რას იგებს ბიძინა ივანიშვილი ყოფილი თანაგუნდელების დაჭერით, კორუფციასთან ბრძოლის სახელით, მით უმეტეს ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებით, რომელსაც, როგორც აღნიშნეთ, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში ყველაზე დიდი წონა და რეიტინგი ჰქონდა?
- ახლა [იაპონიაში] ვმუშაობ კვლევაზე, რომელიც ცენტრალური აზიის სახელმწიფოების სახელისუფლებო გენეზისს ეხება. რამდენჯერაც ასეთ სისტემას მიადგები, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოზე არ ვმუშაობ, ჩემთვის ემოციურად მუდმივად საქართველოს პორტრეტები ცოცხლდება. ძალაუფლების სხვადასხვა ცენტრების წარმოშობის არდაშვება და მათი ჩაკვლა დასაწყისშივე არის ტოტალიტარული მმართველობებისა და იმ ტიპის რეჟიმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ნიშანი, რომლის დამყარებასაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ცდილობს. ირაკლი ღარიბაშვილი ფანტასტიკურად ერგება ამ ტენდენციას, იმიტომ რომ - კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ჩემი აზრია, თუმცა დარწმუნებული ვარ და ყველა არგუმენტი მაქვს - „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში ის იყო და დღემდე რჩება ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, ამიტომ პოტენციურად ასეთი ფიგურის განეიტრალება ივანიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, თუკი მისი ამოცანა ის არის, რაც ზედაპირზე დევს. აღარ მგონია, რომ ამას რამე სიღრმისეული შრეები ჰქონდეს - რაც ზედაპირზეა, რეალობაც ის არის. რეალობა კი ის არის, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს. ის არ აპირებს ძალაუფლებისა და ხელისუფლების გაყოფას თუ განაწილებას; აპირებს ერთპიროვნული მმართველობის შენარჩუნებას მანამ, სანამ ამას ფიზიკურად შეძლებს, ანუ სანამ ცოცხალი იქნება. მისი ამოცანა და ხედვა ასეთია; ამიტომ, რაში სჭირდება მას ირაკლი ღარიბაშვილი ან ვინმე სხვა პარტიის შიგნით ძალაუფლების ცენტრად?!
- მაგრამ რამდენად ლოგიკურია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკაში წასულიყო და თან ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციაში?
- მე ვგულისხმობ დაპატიმრების პირველად მიზეზებს და არა იმას, რაც ახლა ხდება. ახლა რაც ხდება, ამაზე ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ წარმოდგენა არ გვაქვს, რეალურად რა ხდება. ღარიბაშვილს საზოგადოებისთვის არაფერი უთქვამს. ყველაფერი ვიცით ჭორების დონეზე - რომ იქით დაიბარეს, იქით დაკითხეს, ვინმე ცოტა ხნით დაკავებული ჰყავდათ. სახელებს შეგნებულად არ ვამბობ, იმიტომ რომ ეს ჭორაობაა და ამის ნაწილი ვერ გავხდებით. თუ მას ამოცანა აქვს, იბრძოლოს საკუთარი გადარჩენისთვის ან შერჩენილი რეპუტაციისა და ღირსების დასაცავად, და თუ დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში, მაშინ ამ სიმართლეზე უნდა ილაპარაკოს. თუ არაფერზე ლაპარაკს არ აპირებს და ფიქრობს, რომ ხალხი იჭორავებს და აქედან მისთვის რაიმე პოზიტიური მოხდება, არაფერიც არ მოხდება. ამიტომ ვლაპარაკობ თავდაპირველ დაპატიმრებაზე: ღარიბაშვილის განეიტრალება დასაწყისშივე, თან ასეთი მკვეთრი, მძიმე და რეპუტაციულად დამანგრეველი მიზეზით ციხეში გაშვება, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამასთან, ეს არ არის ერთადერთი ამოცანა, იმიტომ რომ აქ აუცილებლად შემოდის გრიგოლ ლილუაშვილის ფაქტორიც. ღარიბაშვილი ხომ არ იყო ერთადერთი, ვინც დღეს პატიმრობაშია?! დღემდე ამოუხსნელია ჩემთვის, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ლილუაშვილთან დაკავშირებით, გარდა ერთი მიზეზისა (რაც ღარიბაშვილზეც ვრცელდება, მაგრამ განსაკუთრებით - ლილუაშვილზე): არ არსებობს ბარიერი და მხოლოდ ერთგულებით ამ ბარიერს ვერ შექმნი. გრიგოლ ლილუაშვილის დაპატიმრებას „ქართული ოცნების“ შიგნით ყველაზე მსუსხავი ეფექტი ჰქონდა, ვიდრე რაიმე სხვა მოვლენას ამ წლების განმავლობაში. იმიტომ რომ „ქართულ ოცნებაში“ რიგითი ამომრჩევლიდან დაწყებული, ლიდერებით დამთავრებული - ყველამ იცის, რომ გრიგოლ ლილუაშვილზე ერთგული, სანდო და საიმედო საყრდენი ბიძინა ივანიშვილს მთელი ამ 14 წლის განმავლობაში არ ჰყოლია.
- ღარიბაშვილ-ლილუაშვილის დაჭერის შემდეგ, თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდით, რომ სხვების დაჭერა უკვე სტატისტიკა იქნებოდა და მათ შორის კახა კალაძის, რომელსაც დღეს თბილისის მერის სტატუსი “იცავს”...
- დიახ, გავიმეორებ: კახა კალაძე ხელშეუხებელია მანამ, სანამ თბილისის მერის პოსტზეა. თბილისში ახალი არჩევნები ივანიშვილისთვის ძალიან სარისკოა და ამ რისკზე ის არ წავა. ფაქტობრივად, კალაძის დაცვას ჩვენ ვაკეთებთ ანუ ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს თბილისში ოპოზიციაშია, სინამდვილეში კახა კალაძეს იცავს საკუთარი გუნდის ანგარიშსწორებისგან.
- როცა მერი არ იქნება, ივანიშვილი კალაძესაც დაიჭერს?
როცა მერი არ იქნება, იქამდე ჯერ დიდი დროა და იმედი დავიტოვოთ, რომ იქამდე „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში.
BM.GE
წყარო: bm.ge