
ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ინფორმაციას ირაკლი კობახიძის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კობახიძემ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავი მიულოცა და მეგობარ სომეხ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უსურვა.
"ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას ასევე მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და სომხეთს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა და ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო თუ კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების კუთხით კონკრეტულ შედეგებში გამოიხატება.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე და დაადასტურეს მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას.
შეხვედრას, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზეც გამოეხმაურა. მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.
“ნიუ-იორკში მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისადმი”, - აღნიშნავს კობახიძე.
BM.GE
წყარო: bm.ge