
ირანმა ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის აღიარებამდე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი თქვა
ირანმა ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის აღიარებამდე აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი თქვა. Reuters-ის ინფორმაციით, ირანის ხელისუფლება მზად არის, მნიშვნელოვანი სანაოსნო მონაკვეთის დასაბრუნებლად სამხედრო ძალასაც კი მიმართოს.
არსებული ინფორმაციით, ოფიციალური თეირანი ვაშინგტონთან შეჩერებული სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში სხვა სადავო საკითხების განხილვას იქამდე არ აპირებს, სანამ თეთრი სახლი აღნიშნულ საზღვაო დერეფანზე მის უფლებამოსილებას ოფიციალურად არ ცნობენ.
ირანელმა მაღალჩინოსანმა, პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ შტატების მხრიდან საკითხისთვის გვერდის ავლას აზრი აღარ აქვს და რომ "რაც უფრო გაწელავს თეთრი სახლი ამ საკითხის გადაწყვეტას, მით უფრო გართულდება ვითარებიდან გამოსვლა".
ირანელი ლიდერები აღნიშნავენ იმასაც, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ დაწყებული ომის გამო ქვეყანამ უდიდესი სირთულეები უკვე გადაიტანა, შესაბამისად, ახლა არსებობს შესაძლებლობა, რომ შექმნილი ვითარებიდან გრძელვადიანი სარგებელი მიიღონ და ზარალი აინაზღაურონ.
ცნობისთვის, აშშ-სთან მიღწეული დროებითი შეთანხმების ფარგლებში, ირანმა სრუტეში გემების უსასყიდლოდ გატარების ვალდებულება 60 დღით იკისრა, თუმცა ეს დათქმა ორშაბათსა და სამშაბათს, 3 უცხოურ ტანკერზე დარტყმით დაარღვია. ქვეყნის ხელისუფლებამ განმარტა, რომ შეტევის მიზეზი გემების მიერ მათი ნებართვის გარეშე ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის მცდელობა გახდა.
BM.GE
წყარო: bm.ge