
ისტორიაში პირველად, აშშ-ში მზის ენერგიამ გამომუშავებით ქვანახშირს გადაუსწრო
2026 წლის მაისში, აშშ-ის ისტორიაში პირველად, მზის ელექტროსადგურებმა უფრო მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, ვიდრე ქვანახშირზე მომუშავე სადგურებმა.
აღნიშნულ პერიოდში მზის ენერგიაზე ქვეყნის მთლიანი ელექტროენერგიის 12.8% მოვიდა, ხოლო ნახშირის წილი 12.2%-მდე შემცირდა. როგორც ირკვევა, 2026 წლის მაისში აშშ-ში მზის ენერგიის გამომუშავებამ რეკორდულ 45.5 ტერავატ-საათს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 17%-ით მეტია. ამასთან, მაისის თვე პირველი პერიოდია, როდესაც მზის ენერგია აშშ-ში ელექტროენერგიის მესამე უმსხვილეს დამოუკიდებელ წყაროდ იქცა და მხოლოდ ბუნებრივ აირსა და ბირთვულ ენერგიას ჩამორჩა.
შედარებისთვის, ხუთი წლის წინ, მაისის თვეში, ნახშირი აშშ-ის ელექტროენერგიის 19.7%-ს უზრუნველყოფდა, მზის წილი კი მხოლოდ 5.4%-ს შეადგენდა. ანალიტიკოსების შეფასებით, მზის ენერგიის გამომუშავება პიკს ჩვეულებრივ ივნისსა და ივლისში აღწევს, თუმცა ენერგეტიკულ მიქსში მისი წილი ხშირად გაზაფხულზეა ყველაზე მაღალი, როდესაც ძლიერ მზის ნათებასთან ერთად ზომიერი ტემპერატურა ფიქსირდება.
რაც შეეხება სუფთა ენერგიის განვითარების ზოგად ტენდენციას, მიმდინარე წელი სექტორისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევით აღინიშნა, რადგან მარტში განახლებადმა წყაროებმა ერთობლივად უფრო მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, ვიდრე ბუნებრივმა აირმა. დარგის სპეციალისტების განცხადებით, ეს მაჩვენებლები ადასტურებს, თუ რამდენად სწრაფად იცვლება აშშ-ის ენერგოსისტემა, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მწვანე ენერგეტიკის პროექტებისა და პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს კვლავ აქტიურად აგრძელებს.
BM.GE
წყარო: bm.ge