
IT სექტორში დასაქმებული უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღება გამარტივდება
საქართველოს მთავრობა უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში ცვლილებების მომზადებას გეგმავს, რომლის მიზანიც IT სფეროში დასაქმებული უცხოელი მოქალაქეებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღების პირობების გამარტივებაა - ამის შესახებ ცნობილი ხდება მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო საქმიანობის გეგმიდან, რომელიც 65 კანონპროექტის მოკლე განმარტებას მოიცავს.
დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის ივნისში შესული საკანონმდებლო ცვლილებებით IT სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვა განისაზღვრა. მისი მიზანი საქართველოში IT მიმართულებით პროფესიონალი კადრების მოზიდვა და ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო IT კომპანიების საქმიანობის ხელშეწყობა იყო, თუმცა როგორც ირკვევა ამ ცვლილებამ გარკვეული სირთულეები წარმოშვა იმ საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომლებიც ქვეყანაში უკვე ოპერირებენ, ამიტომ გადაწყდა რომ კანონში დამატებითი ცვლილებები შევიდეს. პარლამენტში მთავრობის მიერ წარდგენილ განმარტებაში არაა მითითებული უშუალოდ რა ცვლილების გატარება იგეგმება ახალი ინიციატივით.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (აუცილებლობის შემთხვევაში სხვა თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად)
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2025 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილებით შემოღებულ იქნა ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიონალი კადრების მოზიდვა და აღნიშნულ სფეროში მოქმედი საქართველოში რეგისტრირებული საერთაშორისო კომპანიების საქმიანობის ხელშეწყობა.
შესაბამისად, აღნიშნული დროებითი ბინადრობის ნებართვის სუბიექტებს წარმოადგენენ: IT სფეროში დასაქმებული პირები, საერთაშორისო IT კომპანიების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები, ასევე მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად რეგისტრირებული უცხოელები.
2026 წლის მდგომარეობით გამოიკვეთა, რომ განხორციელებული ცვლილების შედეგად, მნიშვნელოვნად გართულდა საერთაშორისო IT კომპანიების მხრიდან IT სფეროში შრომითი მიგრანტების დასაქმება, რაც ნეგატიურად ისახება ინდუსტრიის საქმიანობაზე. ამასთან, საქართველოში ოპერირებს 179 საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი, ხოლო 2025 წლის მდგომარეობით აღნიშნული სექტორის წილი მშპ-ში 7%-ს შეადგენს, ექსპორტში კი 8%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებითად მნიშვნელოვანია სექტორის ხელშეწყობა, რაც განაპირობებს საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებას.
ცვლილების შედეგად, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვებას შეძლებენ IT სფეროში მოქმედი საქართველოში რეგისტრირებული საერთაშორისო კომპანიების მიერ დასაქმებული პირები, პროფესიული ნიშნის მიუხედავად. ამასთანავე, გამარტივდება აღნიშნული დროებითი ბინადრობის ნებართვისთვის დადგენილი მოთხოვნები. შედეგად, ცვლილება გადაჭრის საერთაშორისო IT კომპანიების მხრიდან შრომითი მიგრანტების დასაქმებისას პრაქტიკაში წარმოშობილი პრობლემებს. ცვლილების ჭრილში, შესაძლებელია, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვა მოიცავდეს „შრომითი მიგრაციის“ შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შრომითი საქმიანობის უფლებაც", - ნათქვამია მთავრობის განმარტებაში.
BM.GE
წყარო: bm.ge