
IT სექტორში შემოსავლების მკვეთრი ზრდა მხოლოდ საქართველოში არ არის, ანალოგიური დინამიკაა სომხეთშიც - გოცირიძე
"კომპიუტერული მომსახურების სფეროში შემოსავლების მკვეთრი ზრდა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი და ანალოგიური დინამიკა ფიქსირდება მეზობელ სომხეთშიც", - ამის შესახებ ეკონომისტი რომან გოცირიძე Facebook-ზე წერს.
მისივე თქმით, საქართველოში იმავე პერიოდში ზრდის პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალია (7,5-ჯერ), თუმცა აბსოლუტური მოცულობით ქვეყანა მნიშვნელოვნად ჩამორჩება სომხეთი.
"კომპიუტერული მომსახურების სფეროში შემოსავლების მკვეთრი ზრდა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. ანალოგიური დინამიკა ფიქსირდება მეზობელ სომხეთშიც, სადაც IT მომსახურების ექსპორტმა 1,83 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც 2021 წელთან შედარებით 3,6-ჯერ მეტია. საქართველოში იმავე პერიოდში, ზრდა კი არის უფრო მაღალი7,5-ჯერ, თუმცა აბსოლუტური მოცულობით ქვეყანა მნიშვნელოვნად ჩამორჩება სომხეთს 1,148 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ორივე ქვეყანაში სექტორის სწრაფი გაფართოების განმაპირობებელი ფაქტორები გარკვეულწილად მსგავსია. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რეგიონში გაიზარდა როგორც ტექნოლოგიური კადრების, ისე კაპიტალის რელოკაციის მასშტაბი. ამ პროცესს ხელი შეუწყო IT სექტორისთვის მოქმედმა შედარებით ლიბერალურმა საგადასახადო რეჟიმებმაც, რაც საქართველოსა და სომხეთს ტექნოლოგიური კომპანიებისა და სპეციალისტებისთვის მიმზიდველ იურისდიქციებად აქცევს.
ამასთან, საქართველოსა და სომხეთს შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. საქართველოში სექტორის გაფართოებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან გადმოსულმა სპეციალისტებმა. სომხეთის შემთხვევაში კი ამ ნაკადთან ერთად, მნიშვნელოვანი ფაქტორია საერთაშორისო, მათ შორის ამერიკული, ტექნოლოგიური კომპანიების უკვე არსებული სისტემა. ამ კომპანიებს სომხეთის ბაზარზე ომამდეც ჰქონდათ მნიშვნელოვანი პოზიციები, რაც ქვეყნის IT სექტორის განვითარების უფრო ხანგრძლივ და ფუნდამენტურ საფუძველზე მიუთითებს.
ამ თვალსაზრისით, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, „ენვიდიას“ სომხეთში შემოსვლა დამატებითი კატალიზატორი გახდება როგორც ტექნოლოგიურ სექტორში, ისე მასთან დაკავშირებული სფეროებში კაპიტალის ზრდისთვის. შესაბამისად, სომხეთის შემთხვევა აჩვენებს, რომ ტექნოლოგიური ექსპორტის ზრდაში მოკლევადიანი გეოპოლიტიკური ეფექტის გარდა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო კომპანიებთან დაკავშირებული უფრო მდგრადი სისტემის არსებობაც", - წერს გოცირიძე.
BM.GE
წყარო: bm.ge