
აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?
აჭარის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 16.6 მლნ ლარამდე იზრდება, რაც 2026 წლისთვის გათვალისწინებულ 1.5 მლნ ლართან შედარებით დაახლოებით 11-ჯერ მეტია. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში მდებარე სანიტარიული ნაგავსაყრელი, რომლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდა, თუმცა ობიექტი დღემდე არ ფუნქციონირებს.
როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან BMG-ის აცნობეს, ახალი ნაგავსაყრელის ამოქმედება ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტის (MBT) მშენებლობის დასრულებაზეა დამოკიდებული. ნარჩენების მართვის პროექტის მეორე ეტაპის საერთო ბიუჯეტი დაახლოებით 67 მლნ ევროს შეადგენს.
მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტის მშენებლობისთვის საერთაშორისო ორეტაპიანი ტენდერი 2025 წლის 18 დეკემბერს გამოცხადდა. ამჟამად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) შეთანხმებით, ტენდერის მეორე ეტაპზე გადასვლის პროცედურები მიმდინარეობს. პროექტის განხორციელების მხარდაჭერისთვის შერჩეულია ესპანური საკონსულტაციო კომპანია „IDOM“, რომელიც საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და მშენებლობაზე ზედამხედველობას უზრუნველყოფს.
აჭარის 2027–2030 წლების კაპიტალური ბიუჯეტის დანართის მიხედვით, ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების 80% 2027 წელს, დარჩენილი 20% კი 2028 წელს უნდა შესრულდეს. ამასთან, პროექტის დაფინანსება 2030 წლის ჩათვლით გრძელდება. ბიუჯეტის პროექტში ცეცხლაურის ნაგავსაყრელის ამოქმედების კონკრეტული თარიღი მითითებული არ არის.
ნარჩენების მართვის პროექტის მეორე ეტაპი ასევე ითვალისწინებს ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაში გადამტვირთი სადგურის მშენებლობასა და სპეციალური ტექნიკის შეძენას. გადამტვირთი სადგურის დეტალური პროექტი უკვე მომზადებულია, ხოლო სამშენებლო ტენდერის გამოცხადება 2027 წლის დასაწყისში იგეგმება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბათუმში, ადლიაში მდებარე ერთი და ქობულეთის მუნიციპალიტეტში ორი არსებული ნაგავსაყრელის დახურვა და რეაბილიტაცია. ამჟამად შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია მზადდება, ხოლო დახურვის სამუშაოები მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ დაიწყება.
ცნობისთვის, ცეცხლაურის ნაგავსაყრელის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და თავდაპირველი გეგმით, ნარჩენების მიღება 2021 წლის მარტიდან უნდა დაეწყო. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა იმავე წელს დასრულდა, ობიექტის ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო. შესაბამისად, ახალი ნაგავსაყრელის ამოქმედების გადადებამ ბათუმსა და ქობულეთში არსებული ნაგავსაყრელების დახურვაც შეაფერხა.
BM.GE
წყარო: bm.ge