
იტალიის მარეგულირებელმა Apple-ის წინააღმდეგ საქმეზე აღძრა - რას ეხება მოკვლევა?
იტალიის კონკურენციის მარეგულირებელმა სააგენტომ ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის წინააღმდეგ ოფიციალური მოკვლევა დაიწყო.
როგორც ირკვევა, მიმდინარე საქმე კომპანიის მიერ კანონმდებლობასთან სისტემური თავსებადობის ვალდებულებების შეუსრულებლობას ეხება. კერძოდ, იტალიელ მომხმარებელს არ ეძლევა უფლება, Apple-ის კუთვნილი ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის სისტემა iCloud-ის გარდა რომელიმე სხვა კომპანიის დახმარებით შექმნას საკუთარი მონაცემების სრული ასლი და ისინი დამოუკიდებლად ატვირთოს.
მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადამიანს ტელეფონის სრულად გადატვირთვა ან მონაცემების ახალ მოწყობილობაში გადატანა ენდომება, ის Google-ის, DropBox-ისა თუ სხვა პლატფორმების ქლაუდზე მონაცემებს სრულფასოვნად ვერ ატვირთავს. შესაბამისად, მოუწევს iCloud-ის შეძენა, რაც იტალიური მარეგულირებლის შეფასებით, კონკურენციის შესახებ კანონის უხეში დარღვევის დასტურია.
იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მათ დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები უკვე აქვთ და მათ აუცილებლად გაასაჯაროებენ.
აღსანიშნავია, რომ Apple-ის წარმომადგენლებს დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია ჯერ არ გაუჟღერებიათ.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პროცესი ევროპის ციფრული ბაზრების შესახებ ევროკავშირში ცოტა ხნის წინ მიღებული აქტის ფარგლებში მიმდინარეობს. ეს აქტი კი ეროვნულ უწყებებს ტექ-კომპანიების წინააღმდეგ გამოძიების ჩატარების და მათი დაჯარიმების უფლებას აძლევს.
BM.GE
წყარო: bm.ge