
ივნისში დიზელის გაიაფება დაიწყო - რა ფასად იყიდით საწვავს გასამართ სადგურებზე?
მსოფლიოში ნავთობის ფასების შემცირების შემდეგ, ივნისში საქართველოში საწვავის გაიაფება დაიწყო. ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა, ივნისის განმავლობაში დიზელის საწვავზე ფასები 10-30 თეთრით შეამცირეს.
საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.
საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:
Gulf-ის ქსელში ბოლოს საწვავის ფასი 26 ივნისს შეიცვალა და დიზელი 12 თეთრით გაიაფდა. თუმცა "გალფმა" ამ ტიპის საწვავის ფასის შემცირება მაისის ბოლოდან დაიწყო და 18 თეთრით გააიაფა, შესაბამისად მაისის შემდეგ ბრენდის გასამართ სადგურებში დიზელის ფასი 30 თეთრით შემცირდა. აღსანიშნია ისიც, რომ კომპანიამ 22 მაისს ფასები ბენზინზე დასწია. ეს იყო პირველი შემცირება 3-თვიანი მატების შემდეგ. კლება 2 თეთრი იყო.
შედეგად, დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
• G-Force სუპერი - ₾4.17, კლება - 2 თეთრი; • G-Force პრემიუმი - ₾3.77, კლება - 2 თეთრი; • G-Force ევრო რეგულარი - ₾3.63, კლება - 2 თეთრი; • ევრო რეგულარი - ₾3.61, კლება - 2 თეთრი; • G-Force ევრო დიზელი - ₾4.07, კლება - 30 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾3.97, კლება - 30 თეთრი;
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი 19 ივნისს შეიცვალა. ამ შემთხვევაშიც ცვლილება მხოლოდ დიზელს შეეხო და 10 თეთრით გაიაფდა.
დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:
• ეკო სუპერი - ₾4.18; • ეკო პრემიუმი - ₾3.78; • ეკო დიზელი - ₾4.39; • ევრო დიზელი - ₾4.24; კლება - 10 თეთრი; • ევრო რეგულარი - ₾3.63; • დიზელ ენერჯი - ₾4.19; კლება - 10 თეთრი;