
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ოჯახებს რომლებსაც სოციალური შემწეობა შეუწყდათ, მათ ნაწილს გასაჩივრების უფლება ექნება
"გასაჩივრების უფლება ექნებათ ოჯახებს, რომლებსაც სოციალური შემწეობა იმის გამო შეუწყდათ, რომ ყოველთვიური შემოსავალი, ერთ წევრზე გაანგარიშებით, 1250 ლარი ან მეტია" , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ირინა წაქაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
მისივე განმარტებით, ოჯახს შეუძლია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართოს და სრულყოფილი გადამოწმება მოითხოვოს.
"სხვათა შორის, ამ საკითხმაც გამოიწვია არასწორი აჟიოტაჟი და არასწორი განმარტების საგანი გახდა. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ოჯახის თითოეულ წევრს აქვს ყოველთვიურად შემოსავალი 1250 ლარზე მეტი, მაგალითად, ბოლო 3 თვის განმავლობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ სოციალური აგენტი რომ მისულიყო და სრულყოფილ გადამოწმებას დაქვემდებარებულიყო ოჯახი, ძალიან დიდი ალბათობით, ამ ოჯახს საარსებო შემწეობის გაცემა ისედაც შეუწყდებოდა. ამიტომ აქ სიახლე, რეალურად, არაფერი ყოფილა. ისედაც შეუწყდებოდა ამ ოჯახებს დახმარება, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ ოჯახები არ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და თვლიან, რომ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ამ შემოსავლის მიუხედავად არის ისეთი, რომ ისინი კვლავ საჭიროებენ საარსებო შემწეობას, მათ შეუძლიათ გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება, მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვონ ოჯახების სრულყოფილად გადამოწმება, რაც, რა თქმა უნდა, დაკმაყოფილდება," - განაცხადა ირინა წაქაძემ.
ცნობისთვის, სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი, ერთ წევრზე გაანგარიშებით, 1250 ლარი ან მეტია. აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.