
ჯანდაცვის TOP 10 სისტემა მსოფლიოში - Numbeo 2026
ჯანდაცვის სისტემები მთელ მსოფლიოში ერთმანეთისგან ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და ხარჯების მიხედვით განსხვავდება.
პლატფორმა Numbeo-ს ჯანდაცვის ინდექსის თანახმად, რომელიც სამედიცინო მომსახურების ხარისხს, აღჭურვილობას, პერსონალის პროფესიონალიზმსა და ფასებს მომხმარებელთა გამოკითხვებზე დაყრდნობით აფასებს, გლობალურად ჯანდაცვის ათი საუკეთესო სისტემა გამოვლინდა.
წლევანდელი რეიტინგის სათავეში, ტაივანი იმყოფება 87.1 ქულით. მისი წარმატების მთავარი მიზეზი საყოველთაო დაზღვევის ეფექტიანი, ერთპალატიანი სახელმწიფო სისტემაა. ტაივანში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ციფრულ ტექნოლოგიებს: თითოეულ მოქალაქეს აქვს სპეციალური "სმარტ-ბარათი", სადაც მისი სრული სამედიცინო ისტორია ინახება. ეს ექიმებს საშუალებას აძლევს, მომენტალურად ნახონ პაციენტის მონაცემები, რაც შეცდომების რისკს მინიმუმამდე ამცირებს, ხოლო რიგები ქვეყანაში თითქმის არ არსებობს.
მეორე ადგილს 82.9 ქულით სამხრეთ კორეა იკავებს. აქ ჯანდაცვა საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევის პრინციპით იმართება, თუმცა სამედიცინო სერვისების მიმწოდებლები ძირითადად კერძო კლინიკები არიან. ქვეყანა ცნობილია უახლესი ტექნოლოგიებითა და სწრაფი დიაგნოსტიკით. სახელმწიფო რეგულარულ პროფილაქტიკურ შემოწმებებს აფინანსებს, რაც დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას უწყობს ხელს.
მესამე ადგილზე ნიდერლანდებია, რომლის ჯანდაცვის ინდექსიც 81.5 ქულას შეადგენს. აქ მოქმედებს უნივერსალური სისტემა, რომელიც სავალდებულო კერძო დაზღვევას ეფუძნება, თუმცა სახელმწიფო მკაცრად არეგულირებს ბაზარს, რათა დაზღვევა ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. ოჯახის ექიმები სისტემის მთავარი რგოლია - ისინი პაციენტებს პირველად კონსულტაციას უწევენ და საჭიროების შემთხვევაში ვიწრო სპეციალისტებთან ამისამართებენ, რაც სისტემის ეფექტიანობას ზრდის.
იაპონია რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს 80.1 ქულით. ქვეყანაში მოქმედებს სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა, რომელიც თითქმის ყველა მოქალაქეს ფარავს. იაპონელებს აქვთ სრული თავისუფლება, აირჩიონ ნებისმიერი კლინიკა ან ექიმი მიმართვის გარეშე. სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს პროცედურების ფასებს, რაც სამედიცინო მომსახურებას ხელმისაწვდომს ხდის და ხელს უწყობს ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის მაღალ მაჩვენებელს.