მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჯანსაღი ხემსის ახალი ქართული ბრენდი - რა გეგმები აქვს "თეისთ ლაბს"?
ჯანსაღი ხემსის ახალი ქართული ბრენდი - რა გეგმები აქვს "თეისთ ლაბს"?

ჯანსაღი ხემსის ახალი ქართული ბრენდი - რა გეგმები აქვს "თეისთ ლაბს"?

BM.GE4 ნოემბერი, 2026, 03:15|bm.ge

საქართველოს ჯანსაღი კვების ბაზარზე ახალი ბრენდი "თეისთ ლაბი" (Taste Lab) გამოჩნდა. კომპანია მომხმარებელს სუბლიმაციის (Freeze-drying) ტექნოლოგიით დამზადებულ ხილის, კენკრისა და რძის პროდუქტების ფუნქციურ სნექებს სთავაზობს.

ბრენდის ასორტიმენტზე, საწარმოო სიმძლავრეებსა და სამომავლო გეგმებზე BM.GE-სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა, სანდრო კანდელაკმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბიზნესის წამოწყების მთავარი იმპულსი ადგილობრივ ბაზარზე ჯანსაღი, უსაფრთხო და ამავდროულად ფუნქციური სასუსნავების დეფიციტი გახდა.

დამფუძნებლების თქმით, სპორტული და აქტიური ცხოვრების წესის გამო ხშირად აწყდებოდნენ პრობლემას, როდესაც ბაზარზე არსებული ჯანსაღი სასუსნავი რეალურად შაქარს ან ხელოვნურ დანამატებს შეიცავდა. ბაზრის დეტალური კვლევის შემდეგ გადაწყდა, რომ აქცენტი გაეკეთებინათ სუბლიმაციაზე - ტექნოლოგიაზე, რომელიც ქართულ ბაზარზე სიახლეა.

"ბაზარზე სტანდარტული პროტეინ-ბარები თუ მსგავსი პროდუქტები უკვე იყო, როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი წარმოების. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა თან ფუნქციური, თან ჯანსაღი სნექი - განსხვავებული ტექსტურითა და ფორმულირებით. ძიების პროცესში მივედით სუბლიმაციამდე (Freeze-drying). ეს ტექნოლოგია პროდუქტს აძლევს უნიკალურ, ხრაშუნა ტექსტურას და, რაც მთავარია, სრულად უნარჩუნებს ნუტრიციულ ღირებულებებს - ვიტამინებსა და ყველა მიკროელემენტს", - განმარტავს სანდრო კანდელაკი.

კითხვაზე, თუ რა უპირატესობა აქვს სუბლიმირებულ პროდუქტს ტრადიციულ ქართულ ჩირთან შედარებით, კომპანიაში განმარტავენ, რომ მთავარი განსხვავება სასარგებლო თვისებების შენარჩუნების ხარისხშია.

"ტრადიციული ჩირი სითბური დამუშავებით მზადდება, რის გამოც თავისი ნუტრიციული ღირებულებების 30–35%-ს კარგავს. სუბლიმაციის დროს კი პროდუქტი ჯერ შოკურად იყინება -55 გრადუსზე, შემდეგ კი მაღალი ვაკუუმის პირობებში ეცლება ტენი და მხოლოდ ამის შემდეგ თბება. ხილში სითხის შემცველობა 100%-დან 3%-მდე ჩამოდის. შედეგად, ვიტამინებისა და მინერალების 95%-ზე მეტი ნარჩუნდება. ამასთან, ყოველგვარი კონსერვანტების გარეშე, ჰერმეტულ შეფუთვაში პროდუქტი 1-2 წელი ინახება ისე, რომ პირვანდელ თვისებებს არ კარგავს", - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

სანდრო კანდელაკის თქმით, "თეისთ ლაბის" ერთ-ერთი მთავარი კონცეფცია ქართული აგროპროდუქტების გამოყენებაა. გამონაკლისია მხოლოდ ეგზოტიკური ხილი - მანგო და მარაკუია, რომელთა იმპორტიც ხდება, რადგან საქართველოში არ მოდის. დანარჩენი ნედლეული (მარწყვი, ჟოლო, მოცვი) 100%-ით ადგილობრივი ფერმერებისგან მიიღება.

"ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ნედლეულის მოკვლევადობა. დეტალურად ვამოწმებთ, რა ტიპის ფერმერთან გვაქვს საქმე, როგორ მოჰყავს მოსავალი, რა ქიმიკატებს იყენებს, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა. ამ ეტაპზე ერთადერთი იმპორტული ნედლეული მანგო და მარაკუიაა. განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ქართულ ტრადიციულ პროდუქტებზე - გვაქვს სუბლიმირებული მაწვნის, ხაჭოსა და კენკრის მიქსები. მაწონი ფერმენტირებულია, სავსეა ცოცხალი პრობიოტიკებითა და კალციუმით, რასაც ჩვენ მაღალი ხარისხის ცილას ვუმატებთ", - აღნიშნავს რესპონდენტი.

"თეისთ ლაბი" ამ ეტაპზე ორ ლოკაციაზე ოპერირებს: თბილისში მოქმედებს კვლევისა და განვითარების ლაბორატორია, ხოლო ძირითადი საწარმოო ხაზი ნატახტარშია განთავსებული. საწარმოში დამფუძნებლებთან ერთად 5-6 ადამიანია დასაქმებული.

პროექტი სრულად დამფუძნებლების კერძო ინვესტიციით განხორციელდა - საწყისმა კაპიტალმა 150 000 ლარამდე შეადგინა, რასაც შემდგომში რეინვესტირებული ფინანსური რესურსიც მიემატა.

ამ ეტაპზე საწარმოს თვიური გამტარუნარიანობა 10 000 – 15 000 ერთეულ შეფუთვას შეადგენს, თუმცა, თანადამფუძნებლის თქმით, უახლოეს კვირებში ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზრდება.

"ახალი აპარატურა უკვე შეძენილი გვაქვს და გზაშია. ახალი დანადგარების ინტეგრაციის შემდეგ ჩვენი საწარმოო სიმძლავრე თვეში 30 000-დან 50 000 შეკვრამდე გაიზრდება", - აცხადებს სანდრო კანდელაკი.

ოფიციალური გაყიდვების დაწყებიდან (ივლისი-სექტემბერი) კომპანიამ 5 000-მდე შეფუთვა გაყიდა.

"თეისთ ლაბის" სნექების შეძენა შესაძლებელია ქსელურ მარკეტებში - "სმარტში", "ვოლტ მარკეტზე", ასევე "სნეპსა” და "ტერმინალში”. გაყიდვების მთავარი არხი კომპანიის ვებგვერდი taste-lab.ge-ა, ადგილზე მიტანის სერვისით. ამასთან, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს სააფთიაქო ქსელებსა და სხვა სუპერმარკეტებთან. ვებგვერდზე პროდუქტის ღირებულება 9.90-დან 11.95 ლარამდე მერყეობს.

"ჩვენი პროდუქტი იაფი ნამდვილად არ არის, რადგან ტექნოლოგია დიდ ენერგორესურსს მოითხოვს და არც ნედლეულზე ვაკეთებთ კომპრომისს. ფასის დაწევა მარტივად შეიძლებოდა გემოს გამაძლიერებლებისა და ქიმიური ჩამნაცვლებლების ხარჯზე, მაგრამ ეს ჩვენი გზა არ არის. ჩვენ ავირჩიეთ მეორე გზა - წარმოების მასშტაბირება და პროცესების ავტომატიზაცია. ახალი დანადგარების ამუშავების შემდეგ, თვითღირებულება შემცირდება და პროდუქტი მომხმარებლისთვის ფასობრივად გაცილებით ხელმისაწვდომი გახდება", - აღნიშნავს ის.

გამოწვევებზე საუბრისას, "თეისთ ლაბის” თანადამფუძნებელმა საქართველოში კვალიფიკაციის დეფიციტზე ისაუბრა. კანდელაკის თქმით, ვინაიდან საქართველოში სუბლიმაციის მეთოდით ინდუსტრიული წარმოება პრაქტიკულად არ არსებობდა, შესაბამისი გამოცდილების მქონე კვების ტექნოლოგის პოვნა შეუძლებელი აღმოჩნდა. დამფუძნებლებს საოპერაციო სტანდარტების (SOP) შემუშავება და წარმოების თავისებურებების ათვისება დამოუკიდებლად მოუწიათ.

რაც შეეხება განვითარების შემდგომ ეტაპს - კომპანია ასორტიმენტის დივერსიფიკაციას იწყებს:

"ძალიან აქტიურად ვმუშაობთ "ვეჯი" მიმართულებაზე, რაც ბოსტნეულის სუბლიმირებას და ბაზარზე მარილიანი, ხრაშუნა ბოსტნეულის ჯანსაღი სნექების გამოტანას გულისხმობს”, - აღნიშნავს სანდრო კანდელაკი.

"თეისთ ლაბი" ადგილობრივი ბაზრით შემოფარგვლას არ აპირებს. დამფუძნებლის თქმით, თბილისში დაგეგმილი "აგრო ექსპოს" შემდეგ, ბრენდი ფრანკფურტის მასშტაბურ გამოფენაზე წარდგება.

"ჯანსაღი კვების ბაზარი გლობალურად ძალიან სწრაფად იზრდება. ჩვენი საბოლოო და მთავარი მიზანია, რომ ეს ქართული, უმაღლესი ხარისხის პროდუქტი მაქსიმალურად ფართოდ გავიტანოთ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრებზე", - აცხადებს სანდრო კანდელაკი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რამდენს იხდის ერთი გადამფრენი თვითმფრინავი საქართველოს ცის გამოყენებისთვის?

რამდენს იხდის ერთი გადამფრენი თვითმფრინავი საქართველოს ცის გამოყენებისთვის?

BM.GE

"ვერ ვიტყვი, რომ დღეს, სასტუმროების სფერო მომგებიანია"|"ინნ ჯგუფის" დირექტორის ანალიზი და პროგნოზი

"ვერ ვიტყვი, რომ დღეს, სასტუმროების სფერო მომგებიანია"|"ინნ ჯგუფის" დირექტორის ანალიზი და პროგნოზი

BM.GE

რატომ დაეცა Apple-ის აქციები დადებითი კვარტალური შედეგების გამოქვეყნების მიუხედავად?

რატომ დაეცა Apple-ის აქციები დადებითი კვარტალური შედეგების გამოქვეყნების მიუხედავად?

BM.GE

Salesforce სტარტაპ Cresta-ს $2.7 მილიარდად ყიდულობს

Salesforce სტარტაპ Cresta-ს $2.7 მილიარდად ყიდულობს

BM.GE