
„ჯარის ქალაქში“ ბინები 1 216 სამხედროს გადაეცემა - ირაკლი ჩიქოვანი
თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, „ჯარის ქალაქში“ ბინები კიდევ 1 216 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა. ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის სოფიო ხორგუანისთვის მიწერილი კითხვის პასუხშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტის გვერდზე აიტვირთა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი დაინტერესდა - რამდენ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა საცხოვრებელი ბინა, როდის იგეგმება საცხოვრებელი ბინების შემდგომი განაწილება და რამდენი ბინის გადაცემაა დაგეგმილი შემდეგ ეტაპზე - აქედან 2 კითხვაზე თავდაცვის მინისტრმა არ უპასუხა და ვადების შესახებ მხოლოდ იმ პასუხით შემოიფარგლა, რომ გადაცემა პროექტის დასრულების შემდეგ მოხდება.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის საცხოვრებელი ფართობების (ბინების) მშენებლობის მიზნით, 2024 წლიდან ხორციელდება პროექტი „ჯარის ქალაქი“. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დასრულების შემდეგ, საცხოვრებელი ფართობის (ბინა) გადაცემა დაგეგმილია თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ჯარის ქალაქის" წევრი 1,216 სამხედრო მოსამსახურისათვის“, - ნათქვამია ირაკლი ჩიქოვანის პასუხში.
ცნობისთვის, 2025 წლის მაისში თბილისში, მახათას მთაზე მშენებარე ჯარის ქალაქის პროექტი გაფართოვდა. 43 ახალი კორპუსის ნაცვლად, პროექტი 44 კორპუსამდე, 1232 ბინამდე გაიზარდა. 2025 წლის 19 მაისის განკარგულების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს უფლება მიეცა კონტრაქტორ კომპანია "ანაგთან" 144 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი 147 მილიონ ლარამდე გაეზარდა.
პროექტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების ბინებით დაკმაყოფილებისთვის 7-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები შენდება. ამ კორპუსებში სამხედრო მოსამსახურეები უძრავ ქონებას სპეციალური ფასდაკლებული პირობებით შეისყიდიან.
კომპანიასთან სამშენებლო ხელშეკრულება გასული წლის ნოემბერში გაფორმდა და ის 1202 ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტს ავანსის სახით 30 მილიონი ლარი უკვე გადახდილი აქვს.
თავდაცვის სამინისტრომ ჯარის ქალაქის მეორე ფაზის მასშტაბი ერთხელ უკვე გაზარდა, კერძოდ კი, გასულ წელს პროექტის აღწერაში მითითებული იყო 39 კორპუსის მშენებლობა და ტენდერიც 1092 ბინის მშენებლობისთვის გამოცხადდა, შემდგომ კი კომპანია "ანაგთან" კორპუსების რიცხვი 43-მდე გაიზარდა (1202 ბინა), ახლა კი ის დამატებით 44 კორპუსამდე (1232 ბინამდე) გაიზარდა.
BM.GE
წყარო: bm.ge