
თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები არ იქნება, აუცილებლად მივალთ უვიზო რეჟიმის შეჩერებამდე - მიშველიძე
თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები არ იქნება, აუცილებლად მივალთ იმ ეტაპზე, როდესაც ჩვეულებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდება - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ალექსანდრე მიშველიძე აცხადებს.
როგორც მიშველაძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებული დემოკრატიული უკუსვლის ფონზე, ევროკავშირის მხრიდან უვიზო რეჟიმის შენარჩუნება პოლიტიკური ნებაა. თუმცა მისი თქმით, თუკი ხელისუფლების მხრიდან რიტორიკა არ შეიცვლება, მოსალოდნელია, რომ საქართველო უვიზო რეჟიმს დაკარგავს.
“მოგეხსენებათ, რომ უკვე მოქმედებს უვიზო რეჟიმის გაუქმების გამარტივებული მექანიზმი. ევროკავშირის რეგულაცია ითვალისწინებდა, რომ თუ ქვეყანა არ ასრულებს სავიზო რეჟიმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, პირველ ეტაპზე შეუჩერდება მას უვიზო მიმოსვლა 9 თვით, შემდეგ უკვე 18 თვით. ახლა პირველადი შეჩერება ხდება 12 თვით, რაც მოხდა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის 2026 წლის 6 მარტიდან. რა თქმა უნდა, ქვეყანა თუ არ ასრულებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მას უუქმდება უვიზო რეჟიმი. ეს ყველა შემთხვევაში ასე ხდება.
ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო პოლიტიკის დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 2025 წლის ივლისში გამოუგზავნა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გელა გელაძეს, თუ რა უნდა შესრულებულიყო. კი არ შესრულდა ეს კანონმდებლობა, უფრო დამძიმდა და დრაკონული გახდა. შესაბამისად, პოლიტიკური ნებაა, რომ საქართველოს მოსახლეობას უნარჩუნებენ უვიზო მიმოსვლას, მაგრამ ესეც, რა თქმა უნდა, მხოლოდ დროის საკითხია.
დროის საკითხია, თორემ ჩვენ აუცილებლად მივალთ იმ ეტაპზე, როდესაც მოხდება ჩვენთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება ჩვეულებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, თუ, რა თქმა უნდა, არ იქნება შემხვედრი ნაბიჯები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან. რა თქმა უნდა, თუ დრაკონული კანონები შენარჩუნდება და ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა გაიზრდება, ეს მხოლოდ დროის საკითხია და საქართველოს მოსახლეობისთვის სამწუხაროდ, უვიზო მიმოსვლის შეჩერდება. ჯერ გვინდობენ, მაგრამ როდემდე დაგვინდობენ, ეს არავინ იცის”, - განაცხადა მიშველაძემ.
ცნობისთვის, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნის უვიზო რეჟიმს. "ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ქვეყანაში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებული შეშფოთება, რამაც ევროკავშირი აიძულა, შეეჩერებინა უვიზო მიმოსვლა ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის, რაც ზოგადად უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის", - ნათქვამია ანგარიშში.
BM.GE
წყარო: bm.ge