
„ჯერ საქართველო“ - ვიქტორ ყიფიანმა პოლიტიკური პარტია დააფუძნა
„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა ახალი პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველო” დააფუძნა. დღეს გამართულმა პარტიის დამფუძნებელმა ყრილობამ თავმჯდომარედ ვიქტორ ყიფიანი აირჩია.
პოლიტსაბჭოს წევრები არიან: ვახტანგ კაპანაძე, ვალერი ჩეჩელაშვილი, რუსუდან თევზაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი და გიორგი ანთაძე. პარტიის თანადამფუძნებლები და მრჩევლები არიან ნიკოლოზ ალავიძე და გიორგი ტუმასიანი. სარევიზიო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი შალამბერიძეა, წევრები კი ბექა ბოჭორიშვილი, ივერი მისრიაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. პარტიის აღმასრულებელ მდივნად ზურა შარაშენიძე დაინიშნა, ხოლო სამდივნოში ნინო სტურუა, გიორგი მსხილაძე და სანდრო სამადბეგიშვილი შევიდნენ.
"ჩვენი სურვილია, ვიქცეთ ისეთ პოლიტიკურ ძალად, როგორთანაც თანაბრად მიესვლება არა მარტო "ჯერ საქართველოს" წევრს, არამედ ნებისმიერ სხვას.
"ჯერ საქართველო" კატეგორიულად გმობს მცდელობას, ქართველები დააჯგუფოს პატრიოტებად და უსამშობლოებად. ჩვენთვის მიუღებელია ცივილიზებულ სამყაროში მეგობარი და არამეგობარი ქვეყნების გამორჩევა. "ჯერ საქართველო" უარს ეუბნება განდიდებისა და პიროვების კულტს, ისევე, როგორც გმობს პოლიტიკურ შურისძიებას და ანგარიშსწორებას.
სწორედ აქ და ახლა გაცხადებულის საპირისპიროდ და საწინააღმდეგოდ მიმართული პოლიტიკა ჩვენ არაერთხელ გვინახავს, წლების განმავლობაში ამას ვუყურებთ და ამან დაგვაზიანა ჩვენ ძალიან, დააზიანა ქვეყანა და საშუალება არ მისცა, ქვეყანა ქცეულიყო სახელმწიფოდ", - თქვა სიტყვით გამოსვლისას ვიქტორ ყიფიანმა.
BM.GE
წყარო: bm.ge