
JPMorgan-ის ხელმძღვანელი მთავარ რისკად სტაგფლაციას ასახელებს
JPMorgan Chase-ის ხელმძღვანელმა, ჯეიმი დაიმონმა განაცხადა, რომ ინფლაციის მიმდინარე მაჩვენებლები მას არ აშფოთებს, თუმცა ეკონომიკისთვის ყველაზე რთულ სცენარად ის სტაგფლაციას მიიჩნევს. ეს არის პერიოდი, როდესაც მაღალი ინფლაცია, სუსტი ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობის მატება ერთდროულად ფიქსირდება. აღნიშნული მდგომარეობა პოლიტიკის გამტარებლებისთვის გადაწყვეტილებების მიღების პროცესს განსაკუთრებით ართულებს, რადგან ცენტრალური ბანკის ყველა შესაძლო ქმედება სტაგფლაციას უფრო აძლიერებს.
ნორვეგიის ბანკის საინვესტიციო მენეჯმენტის კონფერენციაზე გამოსვლისას, მან აღნიშნა, რომ ამ რისკის უგულებელყოფა დაუშვებელია. დაიმონის თქმით, მსოფლიოში არსებული არაერთი ფაქტორი, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, გლობალური რემილიტარიზაცია და საბიუჯეტო დეფიციტი, ინფლაციურ ზეწოლას ქმნის, რაც ცენტრალურ ბანკებს საპროცენტო განაკვეთების ხანგრძლივად მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას აიძულებს.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისთვის მთავარ საფრთხედ დაიმონი გეოპოლიტიკურ ვითარებასა და კიბერშეტევებს ასახელებს. მისი შეფასებით, ირანსა და უკრაინაში მიმდინარე ომები ეკონომიკურ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს, ხოლო ტექნოლოგიური პროგრესი კიბერდამნაშავეებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს.
პარალელურად, JPMorgan-ის ხელმძღვანელმა კერძო დაკრედიტების ბაზარზე არსებულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება. დაიმონმა გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ მრავალტრილიონიან სექტორში საკრედიტო ციკლის გაუარესება შესაძლოა იმაზე მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე ბაზარი მოელის. მისი თქმით, ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს პროგრამული უზრუნველყოფის ბიზნესში, სადაც კერძო კრედიტის წილი საკმაოდ მაღალია.