
"კახეთი ბიო" ვარდის პროდუქციის ექსპორტს ზრდის - რას სთავაზობს კომპანია მომხმარებელს?
კახეთში მდებარე ბიომეურნეობა „კახეთი ბიო“ ვარდისგან დამზადებულ პროდუქციას გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში ექსპორტზე ყიდის. კომპანიის თანადამფუძნებლისა და დირექტორის, ლიზი ხმიადაშვილის ინფორმაციით, ამჟამად, მეურნეობა წლიურად 2-3 ტონა გამხმარ ვარდს აწარმოებს, მიმდინარე წელს კი ევროპაში 3-4 ტონა ვარდის წყალი, იგივე ჰიდროლატი გაიტანა.
BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ხმიადაშვილმა განაცხადა, რომ ვარდის პლანტაციები ჯერ სრულ მსხმოიარობაში არ არის შესული, რაც წარმოების გაზრდის შესაძლებლობას ქმნის. მისივე განმარტებით, კომპანია ექსპორტის გაფართოებასთან ერთად ვარდის წყლის ქართულ ბაზარზე გაყიდვასაც გეგმავს.
„კახეთი ბიო“ 2014 წელს დაფუძნდა. ვარდის წარმოება კომპანიამ გერმანელ პარტნიორთან თანამშრომლობით დაიწყო, რომელთანაც პროდუქციის რეალიზაციაზეც წინასწარი შეთანხმება ჰქონდა. თავდაპირველად წნორში რამდენიმე ასეული ნერგი დარგეს, ადგილობრივ პირობებთან კულტურის ადაპტაციის შემდეგ კი პლანტაცია გააფართოვეს.
„ჩვენთვის ბიზნესის დაწყებისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი ყოველთვის ბაზრის არსებობა იყო. არასწორია პროდუქციის მოყვანა ისე, რომ წინასწარ არ იცოდე, სად მოახდენ მის რეალიზაციას. ვარდის შემთხვევაში ეს საკითხი თავიდანვე შეთანხმებული გვქონდა – ვიცოდით, რომ მოყვანილ პროდუქციას გასაღების ბაზარი ექნებოდა. თავდაპირველად რამდენიმე ასეული ძირი ვარდის ნერგი დავრგეთ და დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით, რამდენად შეეგუებოდა კულტურა ადგილობრივ პირობებს. როცა დავრწმუნდით, რომ ვარდი კარგად ხარობდა, პლანტაციის გაშენება და გაფართოება დავიწყეთ“, – ამბობს ლიზი ხმიადაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ვარდის პლანტაციების სრულ მსხმოიარობამდე კომპანიამ სამკურნალო მცენარეების წარმოებაც გამოცადა. დაახლოებით 15 სახეობიდან რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპაში ჯამურად 20 ტონა გამხმარი პროდუქცია გაიტანეს, თუმცა ტექნოლოგიური და ფინანსური გამოწვევების გამო ექსპორტი შეამცირეს. დღეს სამკურნალო მცენარეების ნაწილი, მათ შორის გამხმარი პიტნა, ქართულ ბაზარზე იყიდება.
„პროცესი ძალიან შრომატევადია. მთელი წლის განმავლობაში შესასრულებელ სამუშაოს დაახლოებით ორ თვეში ვაკეთებთ. ოთხი-ხუთი ადამიანი ამ საქმეს ვერ გაუმკლავდებოდა, ამიტომ სეზონზე დღეში 100 ან მეტი მკრეფავი გვყავს, რომლებიც მოსავლის აღებაში გვეხმარებიან“, – აღნიშნავს კომპანიის დირექტორი.
ხმიადაშვილის განმარტებით, წარმოების ზრდის შესაძლებლობას ვარდის პლანტაციების ეტაპობრივი მსხმოიარობა ქმნის. კომპანიის გეგმებშია როგორც საექსპორტო მოცულობის გაზრდა, ისე ადგილობრივი ბაზრისთვის პროდუქციის შეთავაზება. განსაკუთრებული აქცენტი ვარდის წყალზე კეთდება, რომლის გამოყენებაც კოსმეტიკურ სფეროსთან ერთად კულინარიასა და სასმელების წარმოებაშიც შესაძლებელია.
„მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ჩვენი წარმოება, რისი პოტენციალიც და რესურსიც გვაქვს, რადგან ჩვენი ვარდები ჯერ სრულ მსხმოიარობაში არ არიან შესულები. მცირე ნაბიჯებით იზრდება ექსპორტიც და ვცდილობთ, ეს მოთხოვნა საუკეთესოდ დავაკმაყოფილოთ. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება საქართველოს ბაზარზე ჩვენი პროდუქტის განთავსებაა. განსაკუთრებით ვარდის წყალი, რომელსაც განსხვავებული სურნელი და არომატი აქვს და მისი ფართოდ გამოყენება კულინარიასა და სასმელების წარმოებაში შეიძლება“, – ამბობს ლიზი ხმიადაშვილი.
BM.GE
წყარო: bm.ge