
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
„ვოლნათს.ჯი“ საგარეჯოში კაკლის მოსავლის აღების პროცესშია. წელს კომპანია საკუთარი ბაღებიდან დაახლოებით 600 ტონა მოსავალს ელოდება, დამატებით კი ადგილობრივი ფერმერებისგან 1,200 ტონამდე კაკალს ჩაიბარებს. მოსავლის მიღებასა და დამუშავებას თანამედროვე საწარმო უზრუნველყოფს, რომელიც თიბისის მხარდაჭერით შენდება. პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 30 მილიონ ლარამდეა, საიდანაც ბანკის დაფინანსება 13 მილიონ ლარს შეადგენს. კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმოს მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება.
„ვოლნათს.ჯი“ 150 ჰექტარზე გაშენებულ კაკლის ბაღებსა და გადამმუშავებელ საწარმოს აერთიანებს. საწარმოს დღიური გადამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 80 ტონა კაკალია. წარმოების პროცესი მოსავლის რეცხვით იწყება, რის შემდეგაც კაკალი სენსორული სისტემების საშუალებით ხარისხის მიხედვით გადაირჩევა. შემდეგ პროდუქტი საშრობ სივრცეში გადადის, სადაც ტენიანობა მუდმივად კონტროლდება. ბოლო ეტაპზე კაკალი ზომების მიხედვით კალიბრდება და იფუთება. პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება პროდუქტის ხარისხის შენარჩუნებასა და დიდი მოცულობის მოსავლის ეფექტიანად დამუშავებას უზრუნველყოფს.
კომპანია პროდუქტს ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, სადაც პრემიუმ ხარისხის კაკალზე მოთხოვნა მაღალია. სატესტო პარტიები კი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიასა და ავსტრიაში, გადის.
სამომავლოდ „ვოლნათს.ჯი“ საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას გეგმავს - 2027 წელს კომპანია 70%-ით მეტ კაკალს გადაამუშავებს; ასევე დაგეგმილია შემნახველი ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
თიბისი სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდამჭერი და აქტიური დამფინანსებელია. ბანკის პორტფელი ამ მიმართულებით 1.3 მილიარდ ლარს შეადგენს. მსგავსი პროექტების მხარდაჭერით, თიბისი ხელს უწყობს წარმოების ზრდას, ფერმერებისთვის დამატებითი შესაძლებლობების გაჩენას და მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობას.
BM.GE
წყარო: bm.ge