
კანადურმა საცალო ვაჭრობის გიგანტმა Couche-Tard-მა პოლონური Zabka $8.7 მილიარდად შეიძინა
კანადურმა საცალო ვაჭრობის გიგანტმა Alimentation Couche-Tard-მა პოლონური ქსელი, Zabka ოფიციალურად შეიძინა. არსებული ინფორმაციით, გარიგების ჯამურმა ღირებულებამ 32.6 მილიარდი ზლოტი ($8.72 მლრდ.) შეადგინა. კანადურმა მხარემ ინვესტორებს თითო აქციის სანაცვლოდ 32 ზლოტი შესთავაზა, რაც ბოლო სავაჭრო სესიაზე Zabka-ს ერთი აქციის ფასს 9.4%-ით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ Couche-Tard-მა მსხვილი აქციონერებისგან, მათ შორის CVC Capital-ისა და Partners Group-ისგან, 57%-იანი წილის გამოსყიდვაზე თანხმობა უკვე მოიპოვა. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს გარიგება მიზნად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პოზიციების განმტკიცებას ისახავს.
მხარეები მომდევნო წლების განმავლობაში ფისკალურად $250 მილიონის ოდენობის შემოსავლის მიღებას ვარაუდობენ. გაერთიანებული ჯგუფი 30,300-მდე ობიექტს გააერთიანებს. ამ ნაბიჯით Couche-Tard-ის საერთო ქსელში ევროპის წილი 30%-დან 60%-მდე გაიზრდება.
შეთანხმების საბოლოოდ დახურვა 2026 წლის დეკემბრამდე იგეგმება. აქციების 95%-ის გამოსყიდვის შემდეგ კი Zabka საფონდო ბირჟიდან ოფიციალურად ჩაიხსნება.
საყურადღებოა, რომ საქმიანობის თვალსაზრისით Zabka სრულ დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს, თუმცა კომპანიის გენერალური დირექტორი უშუალოდ Couche-Tard-ის ხელმძღვანელს, ალექს მილერს დაექვემდებარება. ახალი აღმასრულებელი დირექტორის, ტომაშ ბლიხარსკის თქმით, Zabka-ს ბრენდი და ფრანჩაიზინგის მოდელი უცვლელი დარჩება.
ცნობისთვის, Zabka პოლონეთსა და რუმინეთში 13,000-ზე მეტ ობიექტს ფლობს და ის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ქსელია. მის შეძენას მიმდინარე თვეში ერთ-ერთი იაპონური კომპანიაც ცდილობდა, თუმცა შეთანხმება მაშინ ვერ შედგა.
BM.GE
წყარო: bm.ge