
"კარგი ის არის, რომ ყველაფერი არ დაჰბრალდა მხოლოდ ბიზნესს"|მოსაზრება "ფასების კომისიის" დასკვნაზე
„კარგი ის არის, რომ ყველაფერი არ დაჰბრალდა მხოლოდ ბიზნესს“, - ასე შეაფასა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ბიზნესის მრჩეველმა მიხეილ გაფრინდაშვილმა „ფასების კომისიის“ 106-გვერდიანი დასკვნა, რომელიც 1 მაისს გამოქვეყნდა.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ეჭვები, რომელიც სასურსათო პროდუქციაზე „გადაჭარბებულ ფასნამატს“ შეეხებოდა, ფაქტობრივად, გააქარწყლა. დოკუმენტუს თანახმად, საცალო სექტორი [FMCG] ანუ სუპერმარკეტები მომგებიანობის გადაჭარბებულ მარჟებზე არ მუშაობენ. მეტიც, "ქართული ოცნების" დეპუტატებით დაკომპლექტებულმა კომისიამ მხარი დაუჭირა დასკვნას, სადაც წერია, რომ "რეალური საშუალო ფასი სისტემურად დაბალია სტანდარტულ (თაროს) ფასთან შედარებით“.
ამასთან, მიხეილ გაფრინდაშვილის შეფასებით, დასკვნა ადასტურებს მტკივნეულ რეალობას, რომელიც საქართველოშია - კერძოდ, მომხმარებლისთვის ფასები იმდენად მაღალია, რომ პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ აქციების დროს იყიდება.
მისი თქმით, „ფასების კომისიის“ დასკვნაში მოყვანილი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, სურსათის 80% ფასდაკლებით იყიდება, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სტანდარტული ანუ ე.წ. „თაროს ფასი“ მოსახლეობისთვის მიუწვდომელია.
"წარმოიდგინეთ, პროდუქტების მხოლოდ 20% იყიდება სტანდარტული ფასებით. ეს ცხადია ნიშნავს იმას, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ეს ფასი არის მაღალი. კარგია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ბიზნესს არ დაჰბრალდა, რადგან FMCG სექტორი ეკონომიკის 20%-ია და აწყობილი ურთიერთობების უხეში ჩარევით მოშლა ბევრად ცუდ შედეგს გამოიღებდა“, - აცხადებს მიხეილ გაფრინდაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ „ფასების კომისიამ“ ბაზრის მონაწილეებს შორის „კარტელური გარიგებები“ ვერ აღმოაჩინა, მიხეილ გაფრინდაშვილი ხაზს უსვამს, რომ საცალო სექტორი თავისი ბუნებით ოლიგოპოლიურია. FMCG (სწრაფად ფართო მოხმარების საქონლის) ბაზრის 75%-ს მხოლოდ ხუთი მსხვილი კომპანია ფლობს, რაც მათ დიდ ძალაუფლებას ანიჭებს მცირე მწარმოებლებზე.