
KAYA აზერბაიჯანში ქართული წარმოების სავენტილაციო სისტემებს წარადგენს
ქართული წარმოების საინჟინრო დანადგარები ექსპორტში ჯერ კიდევ მცირე ნიშას იკავებს. ქართული სავენტილაციო სისტემების მწარმოებელი KAYA კი საექსპორტო მიმართულების განვითარებას აზერბაიჯანის ბაზარზე გეგმავს.
14-16 ოქტომბერს კომპანია ბაქოში, საერთაშორისო გამოფენა Aquatherm Baku-ზე, საქართველოში წარმოებულ ჰაერის დამუშავების დანადგარებსა (AHU) და სავენტილაციო სისტემების კომპონენტებს წარადგენს.
Aquatherm Baku გათბობის, ვენტილაციის, კონდიცირების, წყალმომარაგებისა და სანტექნიკის სექტორის საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც წელს მე-18-ედ იმართება და აზერბაიჯანისა და კავკასიის რეგიონში HVAC სფეროს უმსხვილეს ბიზნეს-გამოფენად ითვლება. ღონისძიება სამშენებლო-საინჟინრო სექტორის მწარმოებლებს, მომწოდებლებს, დისტრიბუტორებსა და საინჟინრო კომპანიებს აერთიანებს.
რატომ აზერბაიჯანი?
KAYA-ში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი კომპანიისთვის საინტერესოა როგორც გეოგრაფიული სიახლოვის, ისე ქვეყანაში მიმდინარე სამშენებლო პროექტების მასშტაბის გამო.
ბოლო წლებში სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს როგორც ბაქოში, ისე ქვეყნის სხვა რეგიონებში. ახალი საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, ბიზნესცენტრები, სკოლები, კლინიკები და სხვა კომერციული თუ საზოგადოებრივი ობიექტები ზრდის მოთხოვნას ვენტილაციის თანამედროვე სისტემებზე.
კომპანიის შეფასებით, საქართველოს სიახლოვე ადგილობრივ მწარმოებელს საშუალებას აძლევს აზერბაიჯანელ მომხმარებლებს კონკურენტული მიწოდების ვადები და უშუალო ტექნიკური მხარდაჭერა შესთავაზოს.
„აზერბაიჯანი ჩვენთვის ბუნებრივი პირველი საექსპორტო ბაზარია. გეოგრაფიული სიახლოვე საშუალებას გვაძლევს პროდუქცია მოკლე ვადებში მივაწოდოთ მომხმარებელს, თავისუფალი ვაჭრობა კი კიდევ უფრო ხელსაყრელს ხდის ქართული წარმოების დანადგარებს აზერბაიჯანული ბაზრისთვის. ჩვენი მიზანია ვიპოვოთ ადგილობრივი პარტნიორები და KAYA-ს პროდუქციის ექსპორტი ერთჯერადი პროექტების ნაცვლად სისტემურ მიმართულებად ვაქციოთ“, — ამბობს KAYA-ს დირექტორი ილია ბაჩანაძე.
რას აწარმოებს KAYA?
KAYA საქართველოში ჰაერის დამუშავების დანადგარებსა (AHU) და სავენტილაციო სისტემების კომპონენტებს აწარმოებს - რეკუპერატორებს, დამპერებს, ცხაურებს და სხვა.
Aquatherm Baku-ზე კომპანიის მთავარი მიზანი აზერბაიჯანული საინჟინრო და სამშენებლო კომპანიების, დისტრიბუტორებისა და სხვა პოტენციური პარტნიორების მოძიებაა.
„ჩვენი მიზანია, აზერბაიჯანის ბაზარს შევთავაზოთ მაღალტექნოლოგიური, ენერგოეფექტური სავენტილაციო სისტემები, Aquatherm Baku კი არის საუკეთესო პლატფორმა რეგიონულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის დასამყარებლად“, - აღნიშნავს ილია ბაჩანაძე.
ღონისძიებაზე ქართული წარმოების პროდუქციის წარდგენა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მხარდაჭერით ხორციელდება.
BM.GE
წყარო: bm.ge