
„კდემა“ საერთაშორისო გაფართოებას გეგმავს - რას სთავაზობს მომხმარებელს ქართული მოდის ბრენდი?
ქართული მოდის ბრენდი კდემა მასშტაბურ ზრდასა და საერთაშორისო გაფართოებას გეგმავს - კომპანიამ ბოლო წლებში გაყიდვები საშუალოდ 50%-ით გაზარდა და ექსპორტის გაძლიერებაზე მუშაობს.
ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა ანი ჯვარიძე BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „კდემა“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რაც მოიცავს როგორც ციფრული არხების გაძლიერებას, ისე უცხოურ ბაზრებზე პოზიციონირებას.
მისი თქმით, ბრენდის ისტორია 2022 წელს იწყება და უკვე მეოთხე წელია მომხმარებლებს ქართულ წარმოებაზე დაფუძნებულ პროდუქციას სთავაზობს - ძირითადად ჩანთებსა და ფეხსაცმელს. „გვინდოდა, მოდის სფეროს მიმართ ჩვენი ინტერესი საქმიანობად გვექცია... ასე დაიბადა კდემა, რომელიც ასოცირდება დახვეწილობასთან, ელეგანტურობასა და სიმშვიდესთან“, - ამბობს ჯვარიძე.
ბოლო მნიშვნელოვან სიახლედ იგი 2025 წლის რედიზაინს ასახელებს, რომლის ფარგლებშიც სრულად განახლდა ბრენდის ვიზუალური იდენტობა. „რედიზაინზე ვიმუშავეთ Low Contrast Studio-სთან, რომლებმაც ზუსტად აღიქვეს ჩვენი ესთეტიკა და მივიღეთ უფრო მინიმალისტური და ელეგანტური ვიზუალური სტილი“, - აღნიშნავს ის.
მისი ინფორმაციით, "კდემა" პოზიციონირდება როგორც timeless ბრენდი, რომელიც კლასიკურ სტილსა და გრძელვადიან ღირებულებაზეა ორიენტირებული და არ ეყრდნობა სწრაფ მოდას : "ვცდილობთ, შევქმნათ პროდუქტი, რომელიც აქტუალური იქნება დღესაც, ხვალაც და მრავალი წლის შემდეგაც".
ბრენდის პროდუქცია სრულად საქართველოში იწარმოება, რაც, მისი თქმით, ხარისხის კონტროლისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩანთების შემთხვევაში გამოიყენება ეკომეგობრული ტყავი, ფეხსაცმელში კი - ნატურალური მასალა, რაც გამძლეობასა და კომფორტს უზრუნველყოფს.
ანი ჯვარიძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ კომპანიის გაყიდვების ძირითადი არხი ონლაინ სივრცეა - Meta პლატფორმები, ვებსაიტი და Etsy, რომლებიც ჯამურად გაყიდვების 60%-ს ქმნის. დანარჩენი 30% კონცეპტუალურ მაღაზიებზე მოდის, ხოლო 10% უკვე ექსპორტზე ნაწილდება. ამასთან, ბრენდი წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ კონცეპტუალურ სივრცეებში, ისე საერთაშორისო ბაზარზეც - მათ შორის, ესპანეთის ქალაქ ბილბაოში.
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ შევინარჩუნოთ 50%-იანი წლიური ზრდა და შემდეგ ეტაპზე, ეს მაჩვენებელი გავაორმაგოთ“, - აცხადებს ჯვარიძე და დასძენს, რომ გაფართოების სტრატეგია მოიცავს ექსპორტის ზრდას, ახალი ბაზრების ათვისებასა და კოლექციების გაფართოებას.
ამ ეტაპზე „კდემა“ წლიურად დაახლოებით 4000 ერთეულ პროდუქტს აწარმოებს, თუმცა მოთხოვნის ზრდასთან ერთად წარმოების მოცულობაც იზრდება - განსაკუთრებით სეზონურ და სადღესასწაულო პერიოდებში.
რაც შეეხება გამოწვევებს, ბრენდის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ადგილობრივი წარმოების მიმართ ნდობის გაძლიერებაა: „მომხმარებლისთვის ზოგჯერ რთულია იმის დაჯერება, რომ მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნა საქართველოშიც შესაძლებელია, ამიტომ ვცდილობთ, მაქსიმალურად გამჭვირვალედ მივაწოდოთ ინფორმაცია წარმოების პროცესზე".
ჯვარიძის თქმით, „კდემა“ ასევე პასუხობს ბაზარზე მზარდ მოთხოვნას ვინტაჟურ და მდგრად მოდაზე. კერძოდ, ქმნის ისეთ პროდუქტს, რომელიც დროთა განმავლობაში ღირებულებას არ კარგავს და მომავალში შესაძლოა „ვინტაჟის“ სტატუსიც შეიძინოს.
BM.GE
წყარო: bm.ge