
კერძო ავიაციით დაკავშირებული რეგიონები, ასაფრენი ბილიკი ზღვაში და 8 მეგაპროექტი: როგორ ვითარდება "ამბასადორი აილენდი"
სასტუმროების ქსელი "ამბასადორი" მასშტაბურ საინვესტიციო ფაზაშია. კომპანია, რომელმაც განვითარება წლების წინ კახეთში დაიწყო, შემდეგ კი კურორტ გოდერძისა და ბათუმის მიმართულებით გაფართოვდა, რეგიონებს შორის დისტანციის შემცირებას და საკუთარი ობიექტების ერთიან ეკოსისტემაში მოქცევას კერძო ავიაციის განვითარებით გეგმავს.
ამ სტრატეგიის ნაწილია კაჭრეთში ახლად გახსნილი საავიაციო სკოლა და აეროდრომი, რომლის ლოგიკური გაგრძელებაც ბათუმში, "ამბასადორი აილენდის" ხელოვნურ კუნძულზე ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ინტეგრირება გახდა.
რა ეტაპზეა ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტი, რა ცვლილებები შევიდა გენერალურ გეგმაში და რა ვადებში ელის კომპანია სამუშაოების დასრულებას? - ამ თემებზე "ამბასადორი აილენდ ბათუმის" გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ BMG-სთან ისაუბრა.
როგორც გოჩა კამკია იხსენებს, კერძო ავიაციის განვითარების იდეა დღის წესრიგში მაშინ დადგა, როცა კომპანიის რეგიონულმა პორტფელმა მასშტაბური სახე მიიღო, ხოლო ობიექტებს შორის სახმელეთო გადაადგილება მომხმარებლისთვის დისკომფორტს ქმნიდა.
""ამბასადორი" ძალიან გაშლილია საქართველოს რეგიონებში. დავიწყეთ კაჭრეთში, პირველები ვიყავით, ვინც გოლფის კულტურა შემოიტანა საქართველოში. მერე უკვე დავიწყეთ კურორტ გოდერძის განვითარება, აჭარის საზღვრისპირა რეგიონის, სადაც ორი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გავხსენით. შემდეგი იყო ბათუმის სასტუმრო, რომელიც გაზაფხულზე გაიხსნება, და თავად ბათუმის კუნძული, რომელიც გლობალური პროექტია.
პროექტებს შორის დაახლოებით 6-7 საათიანი დისტანცია შეიქმნა. ამიტომ დავიწყეთ ფიქრი, როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი შეგვემცირებინა, რათა ეს კურორტები და ზოგადად საქართველო ბევრად უფრო წვდომადი ყოფილიყო. თორნიკე ქებურიას მოუვიდა ინიციატივა, რომ დაგვემკვიდრებინა საქართველოში კერძო ავიაციის განვითარების ახალი კულტურა. სულ რაღაც 7-8 თვეში მოეწყო ეს მთელი ინფრასტრუქტურა და გახსნის დღეს უკვე ვუმასპინძლეთ 26 ხომალდისგან შემდგარ ჯგუფს შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და თურქეთიდან," - აცხადებს გოჩა კამკია.
კაჭრეთის კომპლექსი მხოლოდ ასაფრენი ბილიკით არ შემოიფარგლება - აქ უკვე შექმნილია სრული საავიაციო ეკოსისტემა ანგარებით, ტექნიკური მომსახურების ცენტრითა და საგანმანათლებლო ბაზით.
"გვექნება დაახლოებით 52 ანგარი, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო თვითმფრინავის მფლობელს შეუძლია არა მხოლოდ აეროდრომის მომსახურება მიიღოს, არამედ ჰქონდეს კერძო ანგარი, სადაც თვითმფრინავს დააყენებს, შეაკეთებს და ასე შემდეგ. აქვე გაიხსნება თვითმფრინავების შეკეთების ცენტრი, წარმოდგენილი იქნება ტექნიკური ჯგუფი, რაც საჰაერო ხომალდების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას ნიშნავს.
გარდა ამისა, ჩვენი მიზანია ყველა პროექტის მაქსიმალური ინსტიტუციონალიზაცია. წარმოდგენილია ჩეხური საერთაშორისო კომპანია Blue Sky Aviation-ი, რომელიც მომავალი პილოტების ადგილზე გადამზადებას მოახდენს, აგრეთვე ქართული საავიაციო უნივერსიტეტი, რომელსაც უამრავი გეგმა აქვს თეორიულ სწავლებასთან დაკავშირებით. კაჭრეთის საავიაციო სკოლაში სტუდენტები როგორც ქართულ, ისე ევროპულ ლიცენზიას მიიღებენ," - განმარტავს კამკია.
აღნიშნული საავიაციო ქსელი მალე პირდაპირ დაუკავშირდება ზღვას, რადგან კომპანიის გადაწყვეტილებით, კერძო აეროდრომების ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გაიშალოს, პრიორიტეტული მიმართულება კი "ამბასადორი აილენდ ბათუმია".
გოჩა კამკიას თქმით, "ამბასადორი აილენდის" საინჟინრო სამუშაოები ზღვაში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. როგორც გენერალური დირექტორი აღნიშნავს, პროექტის 48 ჰექტარი ექსპლუატაციაში დაახლოებით 6 თვის წინ შევიდა, ამჟამად კი მშენებლობა ერთდროულად ორ ფრონტზეა გაშლილი და უკვე ვიზუალურად იკვეთება ზღვის ის შრე, რომელიც ნახევარკუნძულებსა და კუნძულს შორის გაივლის.
განვითარების პარალელურად, კომპანიამ პროექტის კონცეფციაში ორი კარდინალური ცვლილება შეიტანა, რამაც კუნძულის გენერალური გეგმა თავდაპირველთან შედარებით თვისობრივად შეცვალა:
"თავად პროექტის განხორციელების პერიოდში ჩვენ შევიტანეთ უამრავი სასარგებლო ღირებულება, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად მთლიანად შევცვალეთ გენგეგმა. თავიდან აქ წარმოდგენილი იყო მაღალი ცათამბჯენები, მაგრამ პირველ ზოლში უკვე გავაჩინეთ დაბალი შენობა-ნაგებობები, რაც ხელს შეუწყობს სასეირნო ბილიკების გაჩენას და სავაჭრო სივრცეებს.
მეორე ძირეული ცვლილება არის ის, რომ პროექტის ცვლის შედეგად ემატება ბრეიკვოტერზე (ტალღმჭრელზე) ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. "ამბასადორი აილენდი" მსოფლიოს მასშტაბით იქნება უნიკალური ხელოვნური კუნძული, რომელსაც არა მხოლოდ იახტკლუბი, საზღვაო მიმართულება და წყლის სპორტი ექნება, არამედ ეს იქნება პირველი კუნძული, რომელზეც თვითმფრინავი დაეშვება და მოემსახურება. კაჭრეთთან ერთად გვინდა, რომ ეს კერძო აეროდრომები განვითარდეს მთელ საქართველოში, ამიტომ გენგეგმაში შევიტანეთ სპეციალური ცვლილებები, სადაც უკვე კუნძულზე მოხდება სააფრენი ბილიკის განთავსება," - აღნიშნავს გოჩა კამკია.
გენგეგმის ცვლილებებსა და საავიაციო ინფრასტრუქტურის დამატებას საინჟინრო ვადები არ გაუზრდია. კომპანიის გეგმის მიხედვით, კუნძულის მიწის ნაკვეთის მოხაზულობის ფორმირება ორ წელიწადში სრულად დასრულდება.
"ამ ცვლილებებს არანაირი გავლენა არ მოუხდენია ჩვენს ამბიციურ გეგმებზე, რომ კუნძულის მიწის ნაკვეთის მოხაზულობა დავამთავროთ დაახლოებით ორ წელიწადში. უკვე მომავალი წლისკენ ველოდებით, რომ რვა მეგაპროექტი იქნება დაწყებული, რვა პროექტი, რომელსაც განახორციელებს რვა სხვადასხვა ინვესტორი.
სახელმწიფოსთან აქტიური თანამშრომლობით, ამ პროექტის ინსტიტუციონალიზაციით - რადგან ჩვენ პირველ რიგში საქართველოს და ამ ქვეყანას წარმოვადგენთ - და საჯარო უწყებების ძალიან დიდი მხარდაჭერით, ეს პროექტი ორ წელიწადში ბოლომდე უნდა მივიყვანოთ," - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.
ამასთან, გოჩა კამკია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ სოციალურ-ეკონომიკურ ეფექტზე, რაც პროექტის დასრულებას მოჰყვება და რაც, მისი გათვლებით, აჭარის რეგიონში შრომის ბაზარს მნიშვნელოვნად გარდაქმნის:
"ჩვენი ყველაზე დიდი სურვილია, რომ ვისაც არ სჯეროდა, სწორედ ისინი დატკბნენ და მათ მიიღონ ის ბენეფიტები, რასაც ბათუმის კუნძული მოიტანს. გარდა გლობალური და ადგილობრივი კომპანიების წარმოდგენისა, ძალიან გვახარებს ის გარემოება, რომ აქ დაახლოებით 20 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ეს იმას ნიშნავს, რომ ბათუმი კი არ დაიცლება მოსახლეობისგან, არამედ პირიქით - მოვიზიდავთ მოსახლეობას. და რა არის აქ მთავარი: ჩვენ დაგვჭირდება ტოპ-მენეჯერები, დაგვჭირდება აღმასრულებელი დირექტორები, უძლიერესი ექსპერტები, სპეციალისტები და შექმნილი იქნება ღირსეული სამუშაო გარემო, რაც იყო ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი,"
აღნიშნა გოჩა კამკიამ.
პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, "ამბასადორმა" თავიდანვე გლობალური და ადგილობრივი დეველოპერების მოზიდვის სტრატეგია აირჩია. გოჩა კამკიას თქმით, მათ შექმნეს მულტიკულტურული გარემო, სადაც პარტნიორები "პოზიტიურ ჯიბრში არიან, თუმცა ერთიან ღირებულებას ქმნიან".
საერთაშორისო მიმართულების კუნძულზე შემოსულია დუბაიში მოქმედი დეველოპერული ჯგუფი HOLM-ი; კიდევ ერთი მსხვილი საერთაშორისო პარტნიორია აბუ-დაბიდან ONE Development-ი, რომლის ხელმძღვანელ ალი გებელთან შეთანხმება არაბეთის გაერთიანებული საამიროების მთავრობის პატრონაჟით გამართულ LIVEX-ზე გაფორმდა. გარდა ამისა, მულტიფუნქციური კომპლექსის განვითარებას გეგმავს სომხური AFK Development-ი.
რაც შეეხება ადგილობრივ კაპიტალს, პროექტში ჩართულია IG Development-ი, რომელიც მომავალ წელს ფუნქციური შენობის მშენებლობას იწყებს; კომპანია Origami (White Sails-ის ავტორები), რომელმაც პროექტის კონცეფციაზე ნიუ-იორკში იმუშავა; და Tonino Lamborghini, რომლის სამშენებლო სამუშაოები კუნძულზე უკვე დაწყებულია.
BM.GE
წყარო: bm.ge