
Keystone Agro წარმოების გაფართოებას გეგმავს - კომპანიამ სეზონზე 800 ტონამდე მოცვის მოსავალი მიიღო
კომპანია „ქისთოუნ აგრომ“ 2026 წლის მოცვის მოსავლის აღება დაასრულა. მიმდინარე სეზონზე სამეგრელოში, სოფელ ზედა ეწერში მდებარე ბაღში, 800 ტონამდე მოცვი შეგროვდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.
კომპანიის ინფორმაციით, მოსავლის უდიდესი ნაწილი ექსპორტზე გავიდა. წელს „ქისთოუნ აგროს“ მოცვი რუსეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, გერმანიაში, დუბაიში, ინდოეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში გაიგზავნა. მოსავლის ნაწილი საქართველოს ბაზარზეც გაიყიდა.
კომპანიის მთავარი ბაღი სამეგრელოში, სოფელ ზედა ეწერში მდებარეობს და 100 ჰექტარს მოიცავს. ბაღში წარმოდგენილია Fall Creek-ის პრემიუმ ჯიშები, მათ შორის Sekoya Grande, Sekoya Crunch, Duke და Top Shelf. კომპანიის განმარტებით, მოსავლის აღების განსხვავებული პერიოდები მოცვის სეზონს გაზაფხულის ბოლოდან ზაფხულის შუა რიცხვებამდე ახანგრძლივებს.
წელს კომპანიამ ინგირის ბაღის გაშენებაც დაასრულა. 70 ჰექტარ ფართობზე 220 000-ზე მეტი ნერგია დარგული. Keystone Agro ახალი ბაღიდან პირველ მოსავალს 2027 წელს ელოდება.
ამასთან, კომპანია კიდევ ორი ბაღის განვითარებაზე მუშაობს. კერძოდ, ზედა ეწერში 15 ჰექტარის, ხოლო წალენჯიხის რაიონში 90 ჰექტარის ფართობზე ახალი ბაღების გაშენებაა დაგეგმილი. ორივე პროექტის ფარგლებში Sekoya-ს ჯიშის ნერგების დარგვა იგეგმება.
ახალი ბაღების განვითარება კომპანიის სასოფლო-სამეურნეო ფართობებისა და წარმოების მასშტაბის ზრდას შეუწყობს ხელს.
Keystone Agro-ს განცხადებით, კომპანიის მიზანი დაფუძნების დღიდან მაღალი ხარისხის მოცვის წარმოებაა. ამ მიმართულებით კომპანია საერთაშორისო აგრონომებთან თანამშრომლობას აგრძელებს, რათა დანერგოს მდგრადი მეურნეობის პრაქტიკა და გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე შეამციროს.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის მონაცემებით, წელს საქართველოდან მოცვის ექსპორტი 41.4%-ით 65.4 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ძირითადი საექსპორტო ქვეყნები იყო: რუსეთი, გერმანია და სომხეთი.
BM.GE
წყარო: bm.ge