
ხელისუფლება სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმებს ამცირებს
ხელისუფლება სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.
ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.
დაგეგმილი ცვლილებებით:
15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;
30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;
40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;
50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.
"პრემიერ-მინისტრთან, სახელმწიფო მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართული კონსულტაციის საფუძველზე გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ ინფორმაცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.
ცვლილება შეეხება სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ით გადაჭარბება ისჯება ჯარიმით 100 ლარის ოდენობით, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება – ჯარიმით 300 ლარის ოდენობით.
წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული. კერძოდ: 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით; 30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით; 40 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას; 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.
აღსანიშნავია, რომ ეს მიდგომა უზრუნველყოფს სამართალდარღვევის სიმძიმისა და დაკისრებული პასუხისმგებლობის პროპორციულობას, ხოლო მაღალი საზოგადოებრივი საფრთხის შემცველი ქმედებისთვის (50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის) მკაცრი სანქცია ძალაში დარჩება.
აქვე მსურს აღვნიშნო, რომ ვაგრძელებთ დაკვირვებას პრევენციული მექანიზმების პრაქტიკაში განხორციელების კუთხით, რათა ერთი მხრივ უზრუნველყოფილი იყოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, ხოლო მეორე მხრივ ეს მექანიზმები იყოს პროპორციული. შესაბამისად, გაგრძელდება მოქმედი კანონმდებლობის სისტემური ანალიზი, რათა გამოვლინდეს ის ნორმები და სანქციები, რომლებიც საჭიროებს დამატებით მსჯელობას. ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, საზოგადოებას ეტაპობრივად ეცნობება ცვლილებების შესახებ”, - განაცხადა კირცხალიამ.
BM.GE
წყარო: bm.ge