
ხუდონჰესი შერეული მოდელით - სახელმწიფოსა და ინვესტორის ერთობლივი ჩართულობით უნდა აშენდეს | მაია მელიქიძე
702-მეგავატიანი ხუდონჰესის პროექტი ყველაზე რეალისტური და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტია - ამის შესახებ BMG-სთან საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე აცხადებს.
მისი თქმით, პროექტის განხორციელების სამი შესაძლო მოდელიდან - სრულად სახელმწიფო, სრულად კერძო ან შერეული - ყველაზე ოპტიმალური მოდელი შერეულია.
მისი ინფორმაციით, პროექტით უკვე დაინტერესებულია ევროპელი ინვესტორი, ხოლო პროცესის წარმატება შემდგომ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული.
„დღეს მარეგულირებელი ჰესების მშენებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ბუნებრივია, ყველაზე რეალისტური ხუდონის აშენებაა, რომელიც 702-მეგავატიანია. იყო საუბარი იმაზე, რომ ახალი პროექტი უნდა შემუშავებულიყო, მაგრამ ძველი პროექტი დარჩა ძალაში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს აქვს 100-წლიანი გამოცდილება ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით და კრიტიკული სწორედ ამ სამი ჰიდროელექტროსადგურის აშენებაა.
პირველ ეტაპზე, ყველაზე რელევანტური არის ხუდონჰესი. სხვა გამოსავალი არ არის იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების, მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა ავტომატურად ნიშნავს დამატებითი სიმძლავრეების ინტეგრაციას ქსელში. ქსელი ამისთვის მზად უნდა იყოს. რომ არა დამაგროვებელი და მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურები, ელექტროენერგიის დაბალანსება ქსელში სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.
სამი გამოსავალია: ან მთლიანად სახელმწიფომ უნდა ააშენოს, ან შერეული მოდელი უნდა იყოს, ან სრულად ინვესტორმა. სრულად ინვესტორის აშენების შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ პროტესტი არსებობდეს. ამიტომ, ვფიქრობ, ყველაზე ადეკვატური შერეული მოდელით წასვლა იქნება და ამ შერეულ მოდელში, ჩვენი ინფორმაციით არის ევროპელი ინვესტორი, რომელსაც აქვს აშენების სურვილი. ახლა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორ წარიმართება მოლაპარაკებები“, - აცხადებს მაია მელიქიძე BMG-სთან.
BM.GE
წყარო: bm.ge