
კობახიძე კვერცხის ფასთან ბრძოლაში დამარცხებული პრემიერია... "ფასების კომისია" იყო სანახაობა|დეპუტატი
საპარლამენტო ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი ქეთი ბაკარაძე ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიას „ბუტაფორიულ სანახაობას“ უწოდებს.
როგორც „ფასების კომისიის“ წევრმა პარლამენტარმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, "ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სამომხმარებლო ფასების კლების არანაირი რესურსი არ გააჩნია.
ოპოზიციონერ დეპუტატს მიაჩნია, რომ ირაკლი კობახიძის დაპირება ფასების შემცირებაზე, მხოლოდ დროის გაწელვის მცდელობა იყო. მისი თქმით, მაშინ, როცა პრემიერი ფასებს „ებრძოდა“, რეალურად პროცესები საპირისპიროდ წავიდა.
"ირაკლი კობახიძეს ჩვენ შევარქვით "კვერცხის ფასთან ბრძოლაში დამარცხებული პრემიერი". ფასების შემცირება სრული ილუზია და მოსახლეობისთვის შექმნილი სანახაობა, რომელიც ემსახურებოდა განცდის შექმნას, თითქოს სახელმწიფო ზრუნავს ნომერ პირველ სოციალურ პრობლემაზე. რეალობა კი ისაა, რომ ამ კომისიის მუშაობის პარალელურად, ზოგიერთ პროდუქტზე ფასი ორჯერ გაიზარდა, ელექტროენერგიის ტარიფი 30%-ით მოიმატა, გაძვირდა საწვავი და მედიკამენტები“, - ამბობს დეპუტატი.
ჟურნალისტის კითხვაზე - "ფასების კომისიაში" „გახარია საქართველოსთვის“ მონაწილეობა, ხომ არ ნიშნავდა ხელისუფლებისთვის გარკვეული ლეგიტიმაციის მინიჭებას, ქეთევან ბაკარაძემ განაცხადა, რომ მათი მიზანი „პროპაგანდისტული მანქანისთვის“ კომფორტის დარღვევა იყო.
"ჩვენ მოსახლეობას ხელისუფლებასთან და მის პროპაგანდასთან მარტო არცერთ პლატფორმაზე არ დავტოვებთ. ჩვენი მიზანი ამ „მყუდროების“ დარღვევა იყო, კრიტიკული კითხვების დასმა და იმის ჩვენება, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, რომელიც კორუფციაზე დგას, ფასების კორექცია და ღირსეული ცხოვრება მხოლოდ ოცნების სტადიაზე გაყინული დაპირებაა", - აღნიშნა პარლამენტარმა.
ქეთევან ბაკარაძემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ხელისუფლების რიტორიკა, რომელიც თავდაპირველად ქართული ფასების ევროპულთან შედარებით მაღალ ნიშნულზე აპელირებდა, ახლა „მანიპულაციურ პროპაგანდაში“ გადაიზარდა, სადაც ცდილობენ, ხალხი დააჯერონ, რომ ევროპაში პროდუქტები კიდევ უფრო ძვირია.
დეპუტატმა „წერტილში“ ისაუბრა „ფასების კომისიის“ მუშაობის გაუმჭვირვალობაზეც. მიუხედავად იმისა, რომ დასკვნა დღეს უნდა გახდეს ცნობილი, ოპოზიციას მისი შინაარსის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ქეთევან ბაკარაძის თქმით, კომისიის სხდომები ხშირად ბიზნესსექტორთან „შინაურულ“ რეჟიმში მიმდინარეობდა. "ოპოზიცია ხშირად უშუალოდ კომისიის დაწყების წინ იგებდა, ვინ იყვნენ მოწვეული სტუმრები", - აღნიშნა მან.
ქეთევან ბაკარაძის დაკვირვებით, კომისიის თავმჯდომარე [შოთა ბერეკაშვილი] ხშირად თავად პასუხობდა კრიტიკულ კითხვებს ბიზნესმენების ნაცვლად და მათ კრიტიკისგან იცავდა.
"კომისიის წევრები განსაკუთრებულ ლოიალობას იჩენდნენ იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ხელისუფლების დეკლარირებული შემომწირველები ან სახელმწიფო გრანტების მიმღებები არიან.
ეს იყო შოუ, სადაც კომისიის თავმჯდომარე კრიტიკულ პოზიციაში კი არა, ბიზნესსექტორის მხარდამჭერად გვევლინებოდა. ხშირად ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე სტუმრებს პასუხის გაცემის შესაძლებლობასაც არ აძლევდნენ, თავად პასუხობდნენ, რომ უხერხული მომენტები დაეფარათ", - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.
პარლამენტარის მტკიცებითვე, კომისიას ფასების დასაწევად არანაირი ინსტრუმენტი თავიდანვე არ გააჩნდა, რადგან ამ პროცესზე პასუხისმგებელი უწყებები - ეროვნული ბანკი და კონკურენციის სააგენტო - პროცესს, ფაქტობრივად, გამოთიშული იყვნენ.
"ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ კომისიაზე საერთოდ არ გვინახავს, მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა. ყველა სექტორი დღეს წარმოდგენილია კარტელური გარიგებების ფორმატში. ჩვენ ვეყრდნობოდით კონკურენციის სააგენტოს დასკვნებს, სადაც ფარმაცევტულ სექტორში კონკრეტული დარღვევებია აღწერილი, თუმცა კომისიაში ყველაფერი მიიმალა და ისეთი ემპათია შეიქმნა სექტორის წარმომადგენლების მიმართ, თითქოს აქეთ იყვნენ დასაცავები“, - აცხადებს ყოფილი პრემიერის გიორგის გახარიას პარტიის წევრი, დეპუტატი ქეთევან ბაკარაძე.
BM.GE
წყარო: bm.ge