
კობახიძის პირველი კომენტარი ბრიტანეთის მიერ საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანიის სანქცირებაზე
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს მიერ სამი კომპანიის დასანქცირების საკითხი ხელისუფლებისთვის საინტერესო არ არის, რადგან მათი სამოქმედო არეალი საქართველოში არ იყო.
ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბრიტანეთის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს ეხებოდა. კობახიძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ეროვნულ ბანკს უკვე ჰქონდა შესაბამისი რეაგირება.
„მათი სამოქმედო არეალი არ არის საქართველოში. ამასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკსაც ჰქონდა კონკრეტული რეაგირება. დანარჩენი ჩვენთვის არ არის საინტერესო. ეს არის ბრიტანული ხელისუფლების საქმე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქმე ის არის, რომ გუშინ ეროვნული ბანკის მიერ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 3 კომპანიის დასანქცირების თაობაზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, აღნიშნული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ არეალში არ შედიოდნენ.
როგორც სების განცხადებაშია აღნიშნული, სანქცირებული კომპანიები საქართველოში რეგისტრაციის გარეშე მოქმედებდნენ, შესაბამისად, არც ერთი მათგანი არ ექვემდებარებოდა ცენტრალური ბანკის ზედამხედველობას.
დღეს ინფორმაცია გაავრცელა ფინანსთა სამინისტრომაც. კერძოდ, საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სანქცირებულ კომპანიებზე (შპს „ეიაიფორი“, შპს „არვიქს“ და შპს „რაპირა გრუპ“) ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები.
საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით კი, საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია, რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით კრიპტო-გაცვლის პლატფორმებს იყენებს, სანქცირებულ სუბიექტებთან მათ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა კი სულ მცირე 70 მილიონ დოლარს შეადგენს.
გუშინ, 26 მაისს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა და სანქციები დაუწესდა დამატებით სამ კომპანიას, რომლებიც საქართველოშია რეგისტრირებული. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სანქციები დაუწესდათ იმ კრიპტოკომპანიებსა და უკანონო ფინანსურ ქსელებს, რომლებსაც რუსეთი დიდი ბრიტანეთის სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის თანახმად სანქციები საქართველოში დაფუძნებულ შემდეგ კომპანიებს დაუწესდათ: Arvix LLC-ს (შპს არვიქს), Rapira Group LLC-სა (შპს რაპირა გრუპ) და Aifory LLC-ს (შპს ეიაიფორი).
Arvix LLC-ს (შპს არვიქს):
კომპანია რეგისტრირებულია 2023 წლის 26 ოქტომბერს, მისი დირექტორი და 100%-ის მფლობელი ბიზნეს რეესტრის თანახმად არის თამაზ გარაევი.
Rapira Group LLC-სა (შპს რაპირა გრუპ):
კომპანია რეგისტრირებულია 2022 წლის 9 ნოემბერს, ამჟამად კომპანია იმყოფება ლიკვიდაციის რეჟიმში, მესაკუთრედ და ლიკვიდატორად მითითებულია ბრიტანეთის მოქალაქე ილიას აჰაევი. კომპანიის ლიკვიდაციის განაცხადი სამეწარმეო რეესტრში 13 მაისს დარეგისტრირდა.
Aifory LLC-ს (შპს ეიაიფორი)
კომპანია რეგისტრირებულია 2023 წლის 23 ივნისს, მისი დირექტორი და 100%-ის მფლობელი ბიზნეს რეესტრის თანახმად არის მიხაელ გევორქიანი.
BM.GE
წყარო: bm.ge