
კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის მომხრე მილიონერმა გაიმარჯვა
კოლუმბიის საარჩევნო ადმინისტრაციამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულად 47 წლის კონსერვატორი ბიზნესმენი აბელარდო დე ლა ესპრიელია ოფიციალურად გამოაცხადა. არსებული ინფორმაციით, მან ხმების ხელახალი გადათვლის დასრულების შემდეგ პროგრესული ფრთის წარმომადგენელი კანდიდატი, ივან სეპედა 251,000 ხმით, ანუ 1%-იანი უპირატესობით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მილიონერს პოლიტიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება არ გააჩნია. ის ამ დრომდე მხოლოდ კომერციულ საქმიანობას ეწეოდა. საყურადღებო ფაქტია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას მას მხარი ოფიციალურად აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაუჭირა.
კოლუმბიის ახალი ლიდერი მოსახლეობას კრიმინალთან ბრძოლის იმ სტრატეგიის გადმოღებას ჰპირდება, რომელიც სალვადორის პრეზიდენტმა, ნაიიბ ბუკელემ გაატარა. ცნობისთვის, ბუკელემ გაპრეზიდენტებიდან უმოკლეს დროში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, ქუჩებში გამოიყვანა არმია და ნარკოკარტელების ათობით ათასი წევრი დააპატიმრა. დე ლა ესპრიელია აანონსებს იმასაც, რომ მომდევნო წლებში ქვეყანაში 10 მაქსიმალური სიმკაცრის მქონე მეგა ციხეს ააშენებს.
რაც შეეხება დამარცხებულ კანდიდატს, ივან სეპედამ არჩევნებში წაგება ოფიციალურად უკვე აღიარა, თუმცა ქვეყნის სენატში კუთვნილი მანდატი მიიღო და საქმიანობას პარლამენტში გააგრძელებს. პარლამენტარის განცხადებით, მისი გუნდი ქვეყანაში დემოკრატიულ და კონსტრუქციულ ოპოზიციურ საქმიანობას განახორციელებს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახალმა ლიდერმა სამომავლო მინისტრთა კაბინეტის ფორმირება უკვე დაიწყო. დე ლა ესპრიელიას გეგმით, კოლუმბია ამერიკის კონტინენტის უსაფრთხოების ახალ კოალიციაში გაწევრიანდება და დაუახლოვდება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას.
ცნობისთვის, კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა. პროცესში მონაწილეობა 26 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო.
BM.GE
წყარო: bm.ge