
კომერციულ ბანკებს დასაკუთრებული ქონების იჯარით გაცემა ეზღუდებათ - კანონპროექტი
კომერციულ ბანკებს დასაკუთრებული უძრავი ქონების მესამე პირებზე იჯარით გაცემა ეზღუდებათ - ამას ითვალისწინებს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის და ამავე კომიტეტის წევრების მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც ცვლილებები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეაქვს.
კანონის მიღების შემთხვევაში, ბანკებს საკუთრების იჯარით გაცემა მხოლოდ საკუთარი ოფისის საქმიანობისთვის ან საკუთარი შვილობილისთვის შეეძლებათ. მესამე პირებზე კი უძრავ ქონებას იჯარით ვეღარ გასცემენ.
მოქმედი კანონმდებლობით, ბანკს უძრავი ქონების იჯარით გაცემა შეუძლია, თუ ის მთელი საიჯარო პერიოდის განმავლობაში საბანკო საქმიანობისთვის, მასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის ან ბანკის სოციალური პროექტებისთვის გამოიყენება. ამასთან, დასაშვებია იმ უძრავი ქონების იჯარით გაცემა, რომელიც ბანკმა მის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ფარგლებში დაისაკუთრა და რომლის მართვაც საჭიროა.
კანონპროექტით, აღნიშნული წესი კონკრეტდება: იჯარით გაცემული ქონება უშუალოდ იმ კომერციული ბანკის საბანკო ან მასთან დაკავშირებულ საქმიანობას უნდა ემსახურებოდეს, რომელმაც ის გააქირავა. ამასთან, გამოყენების მიზნებს ემატება იმავე ბანკის შვილობილი საწარმოს საქმიანობაც. სოციალური პროექტების ნაწილში მოქმედი წესი უცვლელი რჩება.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილების მიზანია, ბანკების მიერ უძრავი ქონების იჯარით გაცემა მათ საოპერაციო საჭიროებებს ემსახურებოდეს და არ იქცეს დამოუკიდებელ ბიზნესსაქმიანობად. შესაბამისად, ფართის გამოყენება ვეღარ იქნება გამართლებული მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მას სხვა იურიდიული პირი საბანკო საქმიანობად გათვალისწინებული საქმიანობისთვის იყენებს.
ამასთან, ახალი უფლება არ გავრცელდება ბანკის ისეთ შვილობილ საწარმოზე, რომლის წილიც ბანკმა მის მიერ გაცემული კრედიტის დასაფარად მიიღო და რომლის გასხვისების ვალდებულებაც კანონით არის გათვალისწინებული.
კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ მოქმედ კომერციულ ბანკებს ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად 12 თვე ექნებათ. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებამ შესაძლოა დადებითად იმოქმედოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან ქონების იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავალი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დაიბეგრება.
BM.GE
წყარო: bm.ge