
რასაკვირველია, შეგვიძლია ევროსასამართლოში სარჩელის შეტანა - ღარიბაშვილის ადვოკატი
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.
ექსპრემიერის უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფსიქოლოგიური წამების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ადვოკატის ცნობითვე, ყოფილმა პრემიერმა სასამართლოში თავად განაცხადა, რომ მასზე ფსიქოლოგიური და მორალური წამება განხორციელდა.
"მიმაჩნია, რომ ეს არის ძალზე მძიმე დარღვევა, რომელიც კიდევ ერთხელ ააშკარავებს პროკურატურის პოზიციის უსაფუძვლობას და იმას, რომ პროკურატურა ამ შემთხვევაში, არც კი ცდილობს სიმართლის დადგენას. რასაკვირველია, შეგვიძლია ევროსასამართლოში სარჩელის შეტანა. იკვეთება არაერთი ერთი კი არა, უკვე რამდენიმე მუხლის დარღვევა. არსებობს ევროპული კონვენციის მესამე მუხლი, რაც პროცედურული თვალსაზრისით გულისხმობს წამებას, თუ სახელმწიფო ამ ყველაფერს არ გამოიძიებს. არსებობს მე-18 მუხლი მე-6 მუხლთან მიმართებით, რაც გულისხმობს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გამოყენება სახელმწიფოს უნდოდა იმ მიზნით, რომ მას ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. ეს პირდაპირ უკავშირდება მიმდინარე საქმეს და სახელმწიფო, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, პირდაპირ და წინასწარ მინდა ვთქვა, უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდება", - განუცხადა ბარათაშვილმა "ტვ პირველს".
ყოფილ პრემიერ-მინისტრს მიმდინარე წლის აგვისტოში წარდგენილი ბრალით ედავებიან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან ზურაბ ტუკვაძისგან ჯუანშერ ბურჭულაძისთვის ქრთამად გადაცემული 1,5 მილიონი ლარიდან ნახევრის, 750 000 ლარის აღებას. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
BM.GE
წყარო: bm.ge