
კოპენჰაგენი არის ჰაბი, საიდანაც დარწმუნებულები ვართ, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები შემოვლენ - თამარ იოსელიანი
სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო. პირველი რეისი Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდა და ბორტზე 180 მგზავრი იმყოფებოდა.
„კოპენჰაგენი არის ჰაბი, საიდანაც დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს დედაქალაქში და ჩვენს ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები შემოვლენ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც ის ავიაკომპანია Norwegian-ის კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით განხორციელებულ პირველ რეისს დახვდა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კოპენჰაგენი-თბილისის რეისი სრულად დატვირთული იყო.
„შესრულდა პირველი რეისი კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დედაქალაქი, ისტორიაში პირველად, დაუკავშირდება დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენს. რეისი სრულად იყო დატვირთული, ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ სკანდინავიის ქვეყნები დაინტერესებულები არიან ჩვენი დედაქალაქით და, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია. ზოგადად, აღსანიშნავია ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ დივერსიფიცირებული იყოს ბაზრები და სწორედ Norwegian არის ის მაგალითი, რომ 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ახალი ავიაკომპანია შემოვიყვანეთ“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
სკანდინავიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Norwegian-ი კოპენჰაგენსა (დანიის სამეფო) და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.
სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს სკანდინავიის ქვეყნებიდან საქართველოს 20,000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია.