
"კვერცხი ჯერჯერობით არ გაგვიძვირებია. მოლოდინები ძალიან რთულია" - ასოციაცია
„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე, "კუმისის" თანადამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ამბობს, რომ კვერცხის ფასი არ გაზრდილა. მან ამის შესახებ BM.GE-ს საქსტატის მონაცემების შესახებ განუცხადა, რომლის მიხედვითაც მაისში კვერცხი წინა თვესთან შედარებით 1.5%-ით, ხოლო წლიურად 1.1%-ით გაძვირდა.
როგორც ზურაბ უჩუმბეგაშვილი განმარტავს, შეიძლება იყოს რიგი გამონაკლისები, თუმცა მასობრივად პროდუქტზე ფასი არ გაზრდილა.
"[კვერცხი რომ გაძვირდა] ვერაფრით დავეთანხმები, არ გაგვიძვირებია ჯერჯერობით. იანვარში ხომ გაძვირდა კვერცხი სიტუაციებიდან გამომდინარე და მერე, ვინაიდან შეიქმნა [ფასების] კომისია, დაიწყო მუშაობა და გაჩნდა რაღაც ოპტიმისტური განწყობა, რომ დღგ-ს გაუქმება, საზღვრის დაცვა იქნება და ქეშბექების თემის მიმართულებით რაღაცა მოძრაობები დაიწყო, ის პროცენტი, რაც გვქონდა მომატებული, მწარმოებლებმა დავაკელით, მაგრამ შეიძლება სადმე, დავუშვათ რომელიმე ქსელში ან არ დააკლეს, ან ნაკლები დააკლეს ვიდრე მოუმატეს. ჯერჯერობით არაფერი მოგვიმატებია. ყველაზე რთულად გასაყიდი პერიოდია მაისი-ივნისის თვე, მალფუჭებადი პროდუქტია, არ უყურებს სიცხე და შესაბამისად, ამ ეტაპზე არ მოგვიმატებია. მერე ვნახოთ როგორ წავა სიტუაცია და მოვლენები",- ამბობს ასოციაციის თავმჯდომარე.
BM.GE დაინტერესდა შეფასებით ფასების საპარლამენტო კომისიის საქმიანობის შედეგებზეც, რაზეც ზურაბ უჩუმბეგაშვილი ასე პასუხობს: "[ჩვენი მიმართულებით] აბსოლუტურად არაფერი ყოფილა გარდა იმისა, რომ კვერცხი ჩაიდო [სასურსათო] კალათაში. კვერცხი, რომ მნიშვნელოვანი პროდუქტია ეს ჩვენც ვიცით, მაგრამ ჩვენთან მიმართებით არც დღგ-ში და არც მიწოდებაში, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა",- აღნიშნავს ის.
რაც შეეხება მოლოდინებს კვერცხის ფასთან დაკავშირებით, „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის" თავმჯდომარეს პროგნოზის გაკეთება უჭირს და იმ გამოწვევებზე საუბრობს, რაც სექტორს აქვს და შესაძლოა ფასზე ნეგატიურად აისახოს. მან BM.GE-სთან ინტერვიუში ასეთად ფრინველის საკვებად საჭირო მარცვლეულის გაძვირება დაასახელა. ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, პროდუქტი იმპორტით აღარ შემოდის, ადგილობრივი რაოდენობა საკმარისი არაა, დეფიციტმა კი ფასი გაზარდა.