მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კვირის მთავარი ავტო სიახლეები
კვირის მთავარი ავტო სიახლეები

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

BM.GE27 სექტემბერი, 2026, 20:45|bm.ge

გასული კვირის ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა"

8 თვეში საქართველოში $135.3 მილიონის 9 417 ელექტრომობილი შემოვიდა | TOP-5 იმპორტიორი ქვეყანა

წელს 8 თვეში, საქართველომ 135 მილიონ 342 ათასი დოლარის ღირებულების 9 417 ელექტრომობილი შეიძინა. იმპორტი 47.6%-ით გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ამავე პერიოდში იმპორტირებული 5 361 ელექტრომობილების ღირებულება 91 მილიონ 673 ათასი დოლარი იყო. საქართველოში ელექტრომობილების მთავარი მომწოდებელი ამერიკის შეერთებული შტატებია, საიდანაც იანვარ-აგვისტოში იმპორტი წლიურად 74.5%-ით არის გაზრდილი. TOP-5 იმპორტიორი ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია; აშშ - $99.3 მლნ; ჩინეთი - $18.7 მლნ; გერმანია - $7.2 მლნ; იაპონია - $5.5 მლნ; და კანადა - $1.5 მლნ;

ჩინეთი გერმანიის უმსხვილესი ავტო მომწოდებელი გახდა

2026 წლის პირველ შვიდ თვეში ჩინეთი გერმანიის უმსხვილესი საგარეო ავტომომწოდებელი გახდა. ქვეყნიდან იმპორტი 120%-ით გაიზარდა და 175,000 ერთეულს მიაღწია, რითაც ჩინეთმა ჩეხეთსა და ესპანეთს გადაუსწრო. მკვეთრი მატება ელექტრომობილებსა და ჰიბრიდულ მოდელებზე მოთხოვნამ განაპირობა — მათი წილი ჩინურ მიწოდებაში 56%-ს აჭარბებს. ამავე პერიოდში გერმანიის მთლიანი ავტოიმპორტი 16%-ით გაიზარდა და €35 მილიარდს მიაღწია, ხოლო გერმანული ავტოექსპორტი 4%-ით, 2 მილიონ ერთეულამდე შემცირდა. ეს ტენდენცია გერმანულ ბაზარზე კონკურენციას კიდევ უფრო ამძაფრებს.

Porsche-ში დამატებით 4,100-ზე მეტი სამუშაო ადგილის შემცირება იგეგმება

Volkswagen-ის მასშტაბური რესტრუქტურიზაციის გეგმა შვილობილ კომპანია Porsche-ში დამატებით 4,100-ზე მეტი სამუშაო ადგილის გაუქმებას ითვალისწინებს. გერმანული გამოცემა Handelsblatt-ის ცნობით, ეს ნაბიჯი საოპერაციო დანახარჯების 700 მილიონი ევროთი შემცირებას ისახავს მიზნად და იგი ივლისში შეთანხმებულ 9,000-იან შემცირებას დაემატება. ბრენდში არსებული ფინანსური გამოწვევებისა და აქტივების ჩამოწერის გამო, მშობელმა ჯგუფმა წლის მთლიანი საოპერაციო მარჟის საპროგნოზო მაჩვენებელი მკვეთრად შეამცირა და ადრე მოსალოდნელი 4.0–5.5%-ის ნაცვლად, საუკეთესო შემთხვევაში, 1%-იან მარჟას ელოდება.

9-წლიანი დაყოვნების შემდეგ Tesla-მ ელექტროსატვირთო Semi-ს სერიული მიწოდება დაიწყო

კონცეპტის წარდგენიდან თითქმის ცხრა წლის შემდეგ, Tesla-მ ელექტროსატვირთო Semi-ს სერიული მიწოდება დაიწყო და ნევადაში სპეციალიზებული ქარხანა გახსნა, რომლის წლიური სიმძლავრე 50,000 ერთეულია. 500 მილის სვლის მარაგის მქონე მოდელის სავარაუდო ფასი 290,000 აშშ დოლარია, რაც დასავლურ ალტერნატივებზე იაფია. პირველ კლიენტებს შორის PepsiCo და DHL არიან. მთავარ გამოწვევად წარმოების ტემპი რჩება — ექსპერტების შეფასებით, 2026 წელს კომპანია რეალურად მხოლოდ 5,000-დან 15,000-მდე სატვირთოს მიწოდებას შეძლებს.

Bentley-მ პირველი ელექტრომობილი წარადგინა - მისი ფასი $230,000-ია

ბრიტანულმა პრემიუმ ავტომწარმოებელმა Bentley-მ თავისი პირველი სრულად ელექტრომობილი Torcal-ი წარადგინა, რომლის საწყისი ფასი $230,000-ს შეადგენს. მოდელს 600 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია და 100 კმ/სთ სიჩქარეს 3 წამზე ნაკლებ დროში ავითარებს. ახალი მოდელით Bentley Ferrari-სთან კონკურენციასა და იმ სიცარიელის ამოვსებას გეგმავს, რაც Porsche-სა და Lamborghini-ს მიერ ელექტრო გეგმების შემცირებამ შექმნა. 107-წლიან ისტორიაში პირველი ელექტრო მოდელი ბრენდის სამოდელო რიგში მეოთხე ხაზი გახდება Continental GT-ის, Flying Spur-ისა და Bentayga-ს გვერდით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

BM.GE

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

BM.GE

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

BM.GE

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

BM.GE