ლავროვმა ბოჭორიშვილის მოწოდებას რუსეთთან დიალოგის შიშის დაძლევაზე „პრაგმატული“ უწოდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „პრაგმატული“ უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთთან დიალოგის შიში უნდა დაიძლიოს.
ლავროვის თქმით, მოსკოვი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით და მიესალმება ბოჭორიშვილის გამონათქვამს, რომ რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტების არ უნდა ეშინოდეთ. მისი განცხადებით, ეს პრაგმატული მიდგომაა, რომელიც როგორც ქართველი ხალხის, ისე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ინტერესებს პასუხობს.
“დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით და მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომ არ უნდა ეშინოდეთ რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტების”, - აღნიშნა ლავროვმა.
შეგახსენებთ, მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობებში არსებული პრობლემების გადაჭრა დიალოგის გარეშე შეუძლებელია. მისი თქმით, ბოლო წლებში ოპოზიცია მსგავსი კონტაქტების მიმართ შიშის დათესვას ცდილობდა.
„შესაბამისად, პირველ რიგში უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არაფერია საშიში იმაში, რომ ელაპარაკო მას, ვისთანაც პრობლემები გაქვს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეხმაურებოდა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის პირველ შეხვედრას, რომელიც მინსკში გაიმართა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობა, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. უწყების ცნობით, შეხვედრის შედეგად მიღწეულია პრაქტიკული შეთანხმებები და მხარეები კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამჟამად მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში მიმდინარეობს. საქართველოს ხელისუფლება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთადერთ პირობად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ასახელებს, პარალელურად კი სავაჭრო კავშირებს ინარჩუნებს.
