
მალიში სეპარატისტებისა და ჯიჰადისტების ფართომასშტაბიანი იერიში გრძელდება
მალიში შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ქვეყნის მასშტაბით კოორდინირებული თავდასხმები განახორციელეს. აფეთქებები და ინტენსიური სროლები დედაქალაქ ბამაკოში, კატისა და გაოში დაფიქსირდა. როგორც ირკვევა, თავდასხმები სეპარატისტული "აზავადის განთავისუფლების ფრონტისა" და დაჯგუფება JNIM-ის ალიანსით დაიგეგმა. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ჯიჰადისტური იერიშია მსოფლიოს მასშტაბით. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ბრძოლები ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კიდალშიც განახლდა, საიდანაც რუსულმა ქვედანაყოფებმა გასვლა უკვე დაიწყეს.
სეპარატისტული ძალები ქალაქ კიდალზე სრული კონტროლის დამყარებასა და გაოს ალყაში მოქცევას ცდილობენ. აზავადის განთავისუფლების ფრონტის წარმომადგენლის განცხადებით, მათ მალის არმიისა და რუსი დაქირავებული მებრძოლების ბაზა დაიკავეს. ამასთან, სოციალურ ქსელში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია. თავის მხრივ, მალის სამხედრო ხელმძღვანელობამ ასობით ტერორისტის განადგურების შესახებ განაცხადა. ამასთან, დედაქალაქ ბამაკოში სამი ღამით კომენდანტის საათი გამოცხადდა.
ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ბამაკოს საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაიხურა. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა მომხდარი ძალადობა მკაცრად დაგმო და მალელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა. პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და აფრიკის კავშირმა მხარეებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ მოუწოდეს.
ცნობისთვის, ამჟამად მალის ის სამხედრო ხუნტა მართავს, რომელმაც ძალაუფლება 2020 წელს ჩაიგდო ხელში. სწორედ მათ წინააღმდეგაა დაწყებული ის სამხედრო მოქმედებები, რასაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი უკვე შეეწირა. ჯიჰადის ინიციატორები ბრძოლების დაწყების მიზეზად მთავრობის იმ გადაწყვეტილებას ასახელებენ, რომლის თანახმადაც გაუქმდა საერთაშორისო უსაფრთხოების შეთანხმება და დაანონსდა გაეროს მშვიდობისმყოფელების ქვეყნიდან გაძევება.
ამჟამად, ამბოხებულებს სათავეში ორი ყოფილი მეტოქისაგან შექმნილი ალიანსი უდგას. აზავადის განთავისუფლების ფრონტი მიზნად ჩრდილოეთ მალიში დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ისახავს, ხოლო ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ჯგუფი JNIM-ის მიზანი ცენტრალური ხელისუფლების სრული დამხობაა. მოქმედ ხელისუფლებას ზურგს რუსეთი, კერძოდ კი ყოფილი ვაგნერის სამხედროებისაგან ჩამოყალიბებული "აფრიკის კორპუსი" უმაგრებს, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უკრაინის ომზე სრული კონცენტრირების ფონზე რუსეთს მალიში პოზიციების დაცვა გაუჭირდება. ამასვე მოწმობს ფაქტი, რომ ქალაქი კიდალი რუსმა სამხედროებმა ხანმოკლე ბრძოლების შემდეგ დატოვეს.
BM.GE
წყარო: bm.ge