
მარიამ ქვრივიშვილი არ პასუხობს კითხვას - რა ეტაპზეა APM Terminals ფოთის პორტის გაფართოების პროექტი
ეკონომიკის მინისტრი არ პასუხობს კითხვას რა ეტაპზეა APM Terminals-ის ფოთის პორტის გაფართოების პროექტი, რომელიც დღის წესრიგში 2018 წლიდან დგას. BMG-მ ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილს ეკონომიკის სამინისტროში გამართულ პრესკონფერეციაზე ჰკითხა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ჩინური კონსორციუმის ნაცვლად, მთავრობა თავად აპირებს ანაკლიის პორტის მშენებლობას.
„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კერძო ოპერატორებთან მათ შორის APM-თან და Pace Terminal-თან ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს შეხვედრები და დიალოგი", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა და აღნიშნა, რომ ფოთის პორტი მან გასულ კვირას მოინახულა.
"ფოთის პორტის ერთ-ერთმა ოპერატორმა, ამ შემთხვევაში Pace Terminal-ს ვგულისხმობ, დაიწყო ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე ფაზა. ამის ფარგლებში განხორციელდება დამატებით 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია და გამტარობა 3 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა პარტნიორ მხარესთან.
ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ სამინისტრო, მისი შემავალი უწყებების ჩართულობით, ძალიან აქტიურად ახორციელებს საპორტო ინფრასტრუქტურისა და ზოგადად, საპორტო აქტივობების ზედამხედველობას. კერძო სექტორთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ ერთიანი გზამკვლევი.
მასში ერთი მხრივ, დავაიდენტიფიცირეთ ის გამოწვევები, რომლებიც აქვთ არსებულ ოპერატორებს, ხოლო, მეორე მხრივ, მათთან ერთად შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა, თუ რა უნდა გააკეთონ ოპერატორებმა იმისთვის, რომ არსებული ინფრასტრუქტურისა და გამტარობის ფარგლებში ტვირთნაკადების გამტარობა უფრო მეტად გაზარდონ“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
„რთული ვითარება გვაქვს, რადგან ახალი ნავსადგურის პროექტი კვლავ შეუსრულებელია“ – APM Terminals
საქმე ის არის, რომ ფოთის პორტის გაფართოების $300-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის საკითხი, რაზედაც ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია APM Terminals-სა და საქართველოს მთავრობას შორის კომუნიკაცია 2018 წლიდან მიმდინარეობს, ამ დრომდე ღიაა.