
მარსის კოლონიზაცია და $7.5 ტრილიონი – რა მიზნებით გადის SpaceX ბირჟაზე?
ამერიკული კოსმოსური გიგანტი SpaceX-ი, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს, საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის ემზადება. კომპანია $2-ტრილიონიან შეფასებისა და $75 მილიარდის მოზიდვას გეგმავს, რაც წარმატების შემთხვევაში, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური IPO იქნება.
როგორც ირკვევა, ილონ მასკმა შესაბამისი კონფიდენციალური დოკუმენტაცია ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში უკვე წარადგინა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შეთავაზებული მმართველობითი სტრუქტურა მასკს კომპანიაზე სრულ და შეუზღუდავ კონტროლს უნარჩუნებს. არსებული ინფორმაციით, იგი ფლობს SpaceX-ის აქციების 40%-ს, თუმცა მისი ხმის უფლება 80%-ს აჭარბებს. ეს შესაძლებელი ხდება B კლასის აქციების მეშვეობით, რომელთაც ჩვეულებრივ აქციებთან შედარებით 10-ჯერ მეტი ხმის უფლება აქვთ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პირობები მსხვილი ინვესტორების კრიტიკის საგანი გახდა — ნიუ-იორკისა და კალიფორნიის საპენსიო ფონდებმა კომპანიას უკვე გაუგზავნეს ერთობლივი წერილი, სადაც მმართველობის ამ მოდელს „ექსტრემალური“ უწოდეს.
ამასთან, IPO-ს პროცესი უკავშირდება მასკის მრავალტრილიონიან ანაზღაურების პაკეტს, რომელიც პირდაპირ არის დამოკიდებული მარსის კოლონიზაციაზე. შეთანხმების მიხედვით, მასკს გადაეცემა 200 მილიონი ერთეული B კლასის აქცია, თუ SpaceX-ის კაპიტალიზაცია $7.5 ტრილიონს მიაღწევს, მარსზე კი 1 მილიონი ადამიანისგან შემდგარი კოლონია აშენდება. დამატებითი ბონუსები გათვალისწინებულია კოსმოსური მონაცემთა ცენტრების ქსელის შექმნისთვისაც, რომელმაც 100 ტერავატი გამოთვლითი სიმძლავრე უნდა უზრუნველყოს.
ცნობისთვის, SpaceX-ი ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კერძო ტექნოლოგიური კომპანიაა. მისი ძირითადი საქმიანობა მრავალჯერადი გამოყენების რაკეტების წარმოებასა და გლობალური თანამგზავრული ინტერნეტის, Starlink-ის განვითარებას მოიცავს.