
მარწყვის მოსავლის 70%-მდე გაფუჭდა… პროდუქტი წელს დეფიციტურია - ასოციაცია
წელს მოსულმა უხვმა ნალექმა კენკროვანი კულტურების დაზიანება გამოიწვია. საქართველოს მარწყვის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, გაზაფხულის უამინდობის გამო, ღია გრუნტზე მომუშავე ფერმერებმა პირველი მოსავლის 70%-მდე დაკარგეს, რის გამოც ბაზარზე პროდუქტის ნაკლებობაა. პროდუქციის დეფიციტი კი ფასების ზრდას იწვევს.
“დღევანდელი რეალური კლიმატური პირობები სერიოზული გამოწვევაა ფერმერისთვის. შემცირდა მოსავლიანობა. პირველი მოსავალი ფაქტობრივად უმრავლესობისთვის დაიკარგა - შეიძლება ითქვას 50-70% ფერმერს ფაქტობრივად გადასაყრელი გაუხდა. ერთი პრობლემაა, რომ ხარჯია, რომ მოსავალი ვერ მოვიდა იმ კატეგორიის, იმ რაოდენობის და იმ ხარისხის და მეორეა - ის გასასუფთავებელია იმისთვის, რომ ნერგი გადარჩეს და შემდეგი პროცესები გაგრძელდეს.
შესაბამისად, წელს საგრძნობლად დეფიციტურია პროდუქტი და ეს შესამჩნევია მარკეტებშიც, საცალო ქსელში, ბაზრობებზე, ყველგან. ერთ-ერთი მიზეზი ესაა, თუმცა არის მეორე მიზეზიც. ასოციაციის მონაცემებით, იქიდან გამომდინარე, რომ წლიდან წლამდე მსგავსი პრობლემებია, ფერმერები ანებებენ თავს ამ კულტურას და ცდილობენ გადავიდნენ სხვა უფრო მდგრად კულტურაზე ან უწევთ, რომ იმის გამო, რომ გადარჩეს მეურნეობა, ფასი გაზარდონ.
გამოსავალი არის დახურული მეურნეობის შექმნა. ჩვენ ახლახან ვიყავით იტალიაში, ვერონას ზონაში, სადაც ფაქტობრივად მეურნეობების 99% გადასულია დახურულ გრუნტზე. ღია გრუნტზე არავინ აღარ ოპერირებს”, - აცხადებს მარწყვის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მანანა ანჯაფარიძე.
ასოციაციის ცნობით, ქვეყანაში მარწყვის ორგანიზებული მეურნეობები წლის განმავლობაში დაახლოებით 300-400 ტონა კენკრას აწარმოებს. პროდუქციის 99% კი იმპორტირებულია.
“ექსპორტზე მარწყვი არ გაგვაქვს, იმიტომ რომ იმ ხარისხის მარწყვი, რომელიც ექსპორტს სჭირდება, საქართველოში არ მოჰყავთ”, - აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, წელს მარწყვის იმპორტი იანვარ-აპრილის მონაცემებით, მცირედით შემცირებულია. ამ პერიოდში ქვეყანაში 1,4 მლნ აშშ დოლარის 1050 ტონა მარწყვი შემოვიდა ქვეყანაში. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 1,5 მლნ აშშ დოლარი და 1220 ტონა იყო. მთავარი იმპორტიორი თურქეთია. შედარებით მცირე რაოდენობით მარწყვი წელს აზერბაიჯანიდან და პოლონეთიდანაც შემოვიდა.
BM.GE
წყარო: bm.ge