
მარტვილში ენოტურიზმის ახალი წერტილი ჩნდება - „შატო ლე ბერიძე“ გაფართოებას გეგმავს
მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნახურცილავოში მდებარე ტურისტული ობიექტი „შატო ლე ბერიძე“ ზაფხულიდან ვიზიტორების მიღებას გეგმავს. პროექტის დამფუძნებელი ნათია ბერიძე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ამბობს, რომ სივრცე მხოლოდ მარანი არ არის, ის მეგრული ტრადიციების, მეღვინეობისა და წინაპრების მემკვიდრეობის გაგრძელებას ემსახურება.
მისი ინფორმაციით, „შატო ლე ბერიძე“ მდებარეობს ადგილას, რომელსაც ადგილობრივები „ლებერიდეს“ უწოდებენ. ტერიტორიაზე გაშენებულია მეგრული ენდემური აბორიგენული ვაზის ჯიშები, ხოლო ღვინის წარმოება ევროპული ტექნოლოგიით მიმდინარეობს. დამფუძნებლის თქმით, ამ ეტაპზე სივრცის ინფრასტრუქტურის მოწყობა და სტუმრების მისაღებად მომზადება მიმდინარეობს.
"სახლი აღვადგინეთ და გადავაკეთეთ. ვემზადებით იმისთვის, რომ სტუმრების მიღებაც შესაძლებელი იყოს. გვაქვს ჩვენი მეგრული ჯარგვალი (გაუთლელი მორებისაგან აგებული ნაგებობა), რომელსაც ნაწილობრივ მარნის ფუნქციაც აქვს - იქ ინახება ღვინოები. მომავალში სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნონ მეგრული სამზარეულო და ღვინოები, მათ შორის ოჯალეში", - ამბობს ის.
როგორც ნათია ბერიძე განმარტავს, პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ენოტურიზმის (მეცნიერება ღვინის – მისი დაყენებისა და მოვლა-შენახვის შესახებ) განვითარებაა. მისი თქმით, ლოკაციას ამ მხრივ განსაკუთრებული პოტენციალი აქვს, რადგან მარანი მარტვილის ორ მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრს - მარტვილის კანიონსა და ნოქალაქევს შორის მდებარეობს.
„მარტვილის რაიონი ძალიან საინტერესო ტურისტული მიმართულებაა და ნაკადებიც საკმაოდ დიდია. ჩვენი მარანი ისეთ ადგილას მდებარეობს, სადაც ახლოსაა როგორც მარტვილის კანიონი, ისე ნოქალაქევი. ხშირად ადამიანები გზაშიც ჩერდებიან. ადგილი ძალიან ლამაზია - მდინარის პირი, მთა, პატარა ვენახები ირგვლივ“, - აღნიშნავს დამფუძნებელი.
მისივე ინფორმაციით, „შატო ლე ბერიძე“ ამ ეტაპზე 2023-2024 წლების ღვინოების ბაზარზე გასაშვებად ემზადება, ხოლო 2025 წლის მოსავლის ღვინოების გაყიდვა მოგვიანებით დაიწყება, რადგან კომპანია გაუფილტრავი ღვინის წარმოების მიმართულებას მიჰყვება. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ყურძნისა და ღვინის გემოვნური თვისებები. ამიტომ, გაუფილტრავ ღვინოს ვაწარმოებთ, რასაც მეტი დრო სჭირდება. მაგალითად, წლევანდელი მოსავლის ღვინო გაყიდვაში დაახლოებით ერთ წელიწადში გამოვა“, - ამბობს ნათია ბერიძე.