
McDonald’s-მა გლობალური განვითარების ახალი სტრატეგია წარადგინა
Chick-fil-A-ს, Raising Cane’s-ისა და 7 Brew Drive Thru Coffee-ს მსგავსი სწრაფად განვითარებადი მეტოქეების გააქტიურებისა და საწვავზე მაღალი ფასების გამო მომხმარებელთა შემცირების ფონზე, სწრაფი კვების ამერიკულმა გიგანტმა, McDonald’s-მა გლობალური განვითარების ახალი სტრატეგია წარადგინა.
ბრენდმა შეიმუშავა განვითარების გეგმა, რომელიც არამარტო რესტორნების დიზაინის განახლებას, არამედ პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, ინოვაციებსა და მომსახურების სრულყოფას ითვალისწინებს.
მენიუს განახლების ფარგლებში McDonald’s-ი განსაკუთრებულ აქცენტს ქათმის პროდუქტებზე და მათი ხარისხის გაუმჯობესებაზე გადაიტანს. როგორც ირკვევა, ეს გადაწყვეტილება საქონლის ხორცზე ფასების მატებასა და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის იმ მონაცემებს ეფუძნება, რომელთა მიხედვითაც ქვეყანაში ფრინველის ხორცის მოხმარება სულ უფრო პოპულარული ხდება. პარალელურად, კომპანიამ აშშ-ის ხუთ რესტორანში შეკვეთების ავტომატურად მიღების ტესტირება დაიწყო. ეს ინიციატივა მიზნად სამზარეულოს მუშაობის გამარტივებასა და თანამშრომლების სხვა ამოცანებზე ფოკუსირებას ისახავს.
აღსანიშნავი ფაქტია, რომ ინდუსტრიაში არსებული რთული ვითარებისა და მომხმარებელთა რაოდენობის კლების მიუხედავად, კომპანია ლიდერის პოზიციებს კვლავ ინარჩუნებს. მისი გაყიდვები ზედიზედ ოთხი კვარტალია სტაბილურად იზრდება.
კომპანიის ერთი აქციის ფასი ამჟამად $279.20-ია, კაპიტალიზაცია კი $198.38 მილიარდს აღწევს.
BM.GE
წყარო: bm.ge