
მერია მდინარე ვერეს ხეობაში, 179 კმ²-ზე მონიტორინგის სისტემას დაამონტაჟებს - პროექტი ₾5.6 მლნ ჯდება
თბილისის მერიამ მდინარე ვერეს წყალშემკრებ აუზში, რაც თბილისის მომიჯნავედ 179 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს ბუნებრივი საფრთხეების მონიტორინგის სისტემის მოწყობისთვის 5.6 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტერიტორია წყნეთი-ახალდაბის ზონისგან შედგება.
ხელშეკრულება ითვალისწინებს 1 575 კალენდარულ დღეს. პირველი პერიოდი ორ ეტაპად იყოფა: პირველი 480 დღე — 16 თვე — განკუთვნილია მოწყობილობების შეძენა, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში გაშვებისთვის, შემდეგი 1 095 დღე კი, ანუ სამი წელი, სისტემის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურებისთვის.
დაფინანსება ხუთ წელზეა გადანაწილებული ადგილობრივი ბიუჯეტიდან: 2026 წელს — 20%, 2027-ში — 35%, 2028-2030 წლებში კი — წელიწადში 15%-15%-15%.
სახიფათო ზონა თბილისის სამხრეთ-დასავლეთ განაპირას, წყნეთი-ახალდაბის ხეობაში მდებარეობს. ეს ადგილი 2015 წლის შემდეგაც ბუნებრივი სტიქიის პოტენციურ კერად რჩება, რადგან ტენდერზე თანდართული გეოლოგიური დასკვნის თანახმად, აქ ფიქსირდება ფერდობების განმეორებითი არამდგრადობა, ქვათაცვენა და ღვარცოფები.
სატენდერო დოკუმენტაციის საფუძვლად გამოყენებულია 2025 წელს „კავკასუს საენს ინჟინიერინგის" მიერ მომზადებული ტექნიკური ანგარიში. დასკვნის თანახმად, ტერიტორიაზე ფერდობები შედგება ქვიშაქვის ფენებისგან, რომელთა სტრუქტურა ინტენსიური ნალექების დროს სწრაფად კარგავს მდგრადობას. ფერდობიდან ჩამოშლილმა მასებმა შეიძლება ღვარცოფი და წყალდიდობა გამოიწვიოს ქვემოთ ამირეჯიბის გზატკეცილსა და მდინარე ვერეს ქალაქურ კალაპოტში, სწორედ ისე, როგორც 2015 წელს მოხდა.
რა დამონტაჟდება
გეოტექნიკური ქსელი. ძირითადი მეწყრული ტანი — 2015 წლის კატასტროფის ეპიცენტრი — დაიფარება LoRa-ს უსადენო სენსორული ქსელით. გეგმის მიხედვით განლაგდება 6 ინკლინომეტრი (ნიადაგის შიდა გადაადგილების სადგური), 7 პიეზომეტრი (მიწისქვეშა წყლის წნევის საზომი), 27 კრეკმეტრი (ბზარების საზომი), 20 დახრის მზომი, 5 GNSS/GPS სადგური, 3 ვიბრომეტრი, 14 სენსორი ქვათაცვენისგან დამცავ ბარიერებზე და 5 ანკერული დატვირთვის საზომი.
ჰიდრომეტრიული სადგურები. 5 ავტომატური სადგური გაზომავს წყლის დონეს, ხარჯსა და სიმღვრივეს — ახალდაბის ხიდთან, ღვარცოფდამჭერ ორ ბარიერთან, სვანიძის ქუჩის ჰიდრომეტრიულ ხიდზე — ანუ ქალაქური გვირაბის წყალასაღებ წერტილთან — და ზედა წყალშემკრებ ზონაში.
მეტეოსადგურები. 3 ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური განლაგდება სხვადასხვა სიმაღლეზე. ზედა ზონაში გათვალისწინებულია სრული კომპლექტი — ნალექი, ტემპერატურა, ქარი, თოვლის სიღრმე და წყლის ეკვივალენტი.
კამერები. 4 PTZ ბრუნვადი კამერა — ღამის ხედვის შესაძლებლობით — განთავსდება სვანიძის ქუჩაზე, ახალდაბის ხიდთან, მდინარე ვერეს შესართავის ზონასა და ძირითად მეწყრულ უბანზე. ყველა ჰიდრომეტრიული და მეტეოსადგური ასევე შეიძლება აღიჭურვოს ფოტოკამერით.
სირენები. პროექტი ასევე ითვალისწინებს — კონცეპტუალურ დონეზე — 5 სირენის განლაგებას სვანიძის ქუჩის კორიდორში, UHF რადიოს მეშვეობით ჰიდრომეტრიულ ქსელთან ინტეგრაციით. გამაფრთხილებელი სიგნალი ავტომატურად ამოქმედდებოდა წყლის კრიტიკული დონის გადაჭარბებისას. საბოლოო გადაწყვეტილება ამ კომპონენტის შესახებ ჯერ მიღებული არ არის და საჭიროებს შეთანხმებას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან.
ვის შეუძლია ტენდერში მონაწილეობა
სატენდერო დოკუმენტაცია ადგენს გამოცდილების მოთხოვნების დეტალურ ნუსხას. 2020 წლიდან, პრეტენდენტს დოკუმენტურად დასტურდება უნდა ჰქონდეს — ყველა ერთდროულად — გეოტექნიკური ინსტრუმენტული მონიტორინგის, ფერდობების გეოტექნიკური შეფასების, ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის, მონაცემთა მართვის პლატფორმებისა და სისტემების ტექნიკური მომსახურების სფეროში განხორციელებული — თითო-თითო — პროექტი. სავალდებულოა ISO 9001 ხარისხის სერტიფიკატი.
ეს მოთხოვნები, დოკუმენტის ჩამოთვლის მიხედვით, ფაქტობრივად, გულისხმობს ისეთ კომპანიას, რომელსაც ამ კონკრეტული სფეროების ყველა კომბინაცია ერთდროულად გამოცდილება ექნება — პირობა, რომელიც საქართველოში შედარებით ვიწრო წრის კომპანიებს გამოარჩევს.
წინადადებების მიღება 20 ივლისს სრულდება.
BM.GE
წყარო: bm.ge