
მერიამ ფილარმონიიდან რუსთაველის მეტრომდე ტროტუარის რეაბილიტაციის ₾5-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა
ქალაქ თბილისის მერიამ ფილარმონიიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ ტროტუარების რეაბილიტაციისთვის 4 877 474 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული აღწერის მიხედვით, შესყიდვა ითვალისწინებს თბილისში, მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირისა და კოსტავას ქუჩის მონაკვეთზე – თ. ჭოველიძის ქუჩიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ – ტროტუარების მოწყობას.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი მოიცავს არსებული დაზიანებული ტროტუარის დემონტაჟსა და მის ნაცვლად ტრავერტინის ახალი საფარის მოწყობას. ასევე გათვალისწინებულია შშმ პირებისთვის ადაპტირებული ბილიკების მოწყობა, ხეების ირგვლივ ლითონის ცხაურების განთავსება და ტროტუარების საფუძვლის განახლება.
საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაცია ტროტუარებით არ შემოიფარგლება. პროექტი ითვალისწინებს ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობას, ველობილიკის ინფრასტრუქტურის განახლებას, მიწისქვეშა გადასასვლელების ჰიდროიზოლაციას, ახალი სახანძრო ჰიდრანტების მოწყობას, დახურული საკომუნიკაციო არხების მოწყობას, გარე განათების ქსელის განახლებასა და მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების მოწყობას. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია არსებული ლითონის მოაჯირების დემონტაჟი, შეღებვა და სამუშაოების დასრულების შემდეგ მათი ხელახალი მონტაჟი.
ტენდერის პირობების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში სამუშაოები შესაძლოა 24-საათიან რეჟიმშიც შესრულდეს. კონტრაქტორი ვალდებული იქნება სამუშაოების მიმდინარეობისას დაიცვას სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები, უზრუნველყოს მოძრაობის უსაფრთხოების სქემების შეთანხმება, გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაცია, ხოლო წარმოქმნილი სამშენებლო ნარჩენები თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ სპეციალურ ტერიტორიაზე გადაიტანოს.
სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე კომპანიას 2023 წლის 1 იანვრიდან უნდა ჰქონდეს ტროტუარების, სკვერების ან პარკების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რომლის საერთო ღირებულება შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 150%-ს შეადგენს. ამასთან, მინიმუმ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულება არანაკლებ 1 მილიონი ლარი უნდა იყოს.
ტენდერში წინადადებების მიღება 22 ივლისს დაიწყება და 27 ივლისის 13:00 საათზე დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები წერილობითი დავალების მიღებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.
პარალელურად, მიმდინარეობს წინადადების შეფასება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ სამ ტენდერში, რომელთა საერთო ღირებულებაც 20 მილიონი ლარია, ტენდერში ერთადერთი მონაწილე შპს "სმარტ სოლუშენი" იყო.
BM.GE
წყარო: bm.ge