
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დააჯარიმა
თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორი "სმარტ სოლუშენსი" საკონტრაქტო პირობების გამოვლენილი დარღვევისთვის დააჯარიმა. მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი დარღვევა მოიცავდა კონტრაქტის იმ მუხლის შეუსრულებლობას, რაც კონტრაქტორს 24 საათის განმავლობაში მუშაობას ავალდებულებდა. ინსპექტირება 20 ოქტომბერს განხორციელდა, კომპანიას კი საჯარიმო წერილი დღეს გაეგზავნა. საერთო ჯამში 23 ივლისიდან დღემდე კომპანია 12-ჯერ დაჯარიმდა. კომპანიას ამ ჯერზე 1 271 ლარის ჯარიმა დაეკისრა.
"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2026 წლის 22 ოქტომბრის წერილიდან ირკვევა, რომ თქვენ მიერ დარღვეულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან 2026 წლის 10 ივლისს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების (ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, შ. რუსთაველის გამზირის (სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“-ბესიკის ქუჩამდე) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები) პირობები. კერძოდ, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2026 წლის 27 ივლისის წერილით დაგევალათ ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, შ. რუსთაველის გამზირის (სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“-ბესიკის ქუჩამდე) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება 2026 წლის 28 ივლისიდან, 24 საათიან რეჟიმში (ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.5 პუნქტის შესაბამისად), თუმცა, 2026 წლის 20 ოქტომბრის ინსპექტირების აქტიდან (ინსპექტირების განხორციელების დრო - 22:56 საათი) ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ ობიექტზე, სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა" - წერია საჯარიმო წერილში.
ცნობისთვის
კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის რეაბილიტაციის სამივე ლოტზე მუშაობს და მასთან გაფორმებული კონტრაქტის ჯამური ღირებულება 19.8 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა 13 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანიასთან არსებული ხელშეკრულება გადაიხედა და ის 725,669 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, ამჟამად კონტრაქტის მოცულობა 20.5 მილიონ ლარს აჭარბებს. კომპანიამ სამუშაოები 23 ივლისს 00:00-ზე დაიწყო და კონტრაქტით მისი დასრულება 100 დღეში 24-საათიან რეჟიმში მუშაობით ევალება.
გარდა "სმარტ სოლუშენისა", რუსთაველის გამზირზე რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთო კიდევ ორი კომპანია - შპს AWARD-ი და შპს "ნიუკონსი". კომპანიები ჭოველიძის ქუჩიდან მეტრო რუსთაველამდე ტროტუარების რეაბილიტაციას განახორციელებენ, რისთვისაც მერიამ ტენდერები 14 აგვისტოს გამოაცხადა. პირველ ტენდერში 3,650,000 ლარით გაიმარჯვა კომპანია AWARD-მა, ხოლო მეორეში 3,854,000 ლარით "ნიუკონსმა".
რუსთაველის გამზირზე სამუშაოებს ახორციელებს GWP-ის კონტრაქტორიც, რომელიც ადგილზე წყალმომარაგების და კანალიზაციის მილებს ცვლის, აღნიშნულისთვის GWP 12.5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. გარდა ამისა, ადგილზე მუშაობს "თბილისი ენერჯის" კონტრაქტორიც, რომელიც გაზმომარაგების ქსელს ცვლის, რისთვისაც კომპანია 3 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
BM.GE
წყარო: bm.ge