მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მერიაში აცხადებენ, რომ ტრამვაის ტენდერზე YDA Insaat-ის საჩივარს განიხილავენ
მერიაში აცხადებენ, რომ ტრამვაის ტენდერზე YDA Insaat-ის საჩივარს განიხილავენ

მერიაში აცხადებენ, რომ ტრამვაის ტენდერზე YDA Insaat-ის საჩივარს განიხილავენ

BM.GE30 ივლისი, 2026, 20:54|bm.ge

"კანონმდებლობის გათვალისწინებით, მოხდება საერთაშორისო ტენდერში მონაწილე თურქული კომპანიის საჩივრის განხილვა, რის შემდეგაც გაფორმდება ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან," - ამის შესახებ BMG-ის თბილისის მერიაში დიდი დიღომი-დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის საერთაშორისო ტენდერის ერთ-ერთი მონაწილის, ერთობლივი საწარმო - YDA İnşaat Sanayi ve Ticaret A.Ş. – Gülermak Ağır Sanayi İnşaat ve Taahhüt A.Ş.-ის მიერ დაფიქსირებულ საჩივართან დაკავშირებით განუცხადეს.

საქმე ისაა, რომ დღეს ცნობილი გახდა, რომ თურქულმა კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა საჩივრით, რაც თბილისის მერიის მიერ 15 ივლისს გამარჯვებულად YE (EmreRay Enerji İnşaat, Yüksel İnşaat და Erk İnşaat)-ის დასახელებას უკავშირდება. YDA İnşaat Sanayi ve Ticaret A.Ş. – Gülermak Ağır Sanayi İnşaat ve Taahhüt A.Ş.-ის ერთობლივი საწარმოს მიერ წარდგენილი საჩივრის წერილის თანახმად, გამარჯვებული კომპანია სავარაუდოდ სატენდერო მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, რის გამოც მისი დისკვალიფიკაცია და კონტრაქტის YDA–Gülermak-ისთვის მინიჭება უნდა მოხდეს.

საჩივარში YDA–Gülermak აღნიშნავს, რომ მისი წინადადება სრულად შეესაბამებოდა სატენდერო მოთხოვნებს და შეფასების შედეგად მეორე ყველაზე დაბალი შესაბამისი შეთავაზება იყო. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფასი 332.4 მილიონ ლარს შეადგენდა, გამარჯვებული EYE-ის შეთავაზება კი 287.7 მილიონი ლარია. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 416.6 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული.

ტენდერში სულ ოთხი პრეტენდენტი მონაწილეობდა. მათგან ყველაზე დაბალი ფასი EYE-მა წარადგინა - 287.7 მილიონი ლარი, YDA–Gülermak-ის შეთავაზება 332.4 მილიონი ლარი იყო, ჩინურმა Wuhan Municipal Construction Group-მა 397.5 მილიონი ლარი შესთავაზა, ხოლო Doğuş İnşaat-მა - 412.6 მილიონი ლარი.

საჩივრის მთავარი ნაწილი გამარჯვებული კონსორციუმის ტექნიკურ კვალიფიკაციას ეხება. YDA–Gülermak ამტკიცებს, რომ სატენდერო დოკუმენტაცია პრეტენდენტებისგან ახალი ტრამვაის დეპოს როგორც პროექტირების, ისე მშენებლობის გამოცდილებას მოითხოვდა, თუმცა მათი შეფასებით, EYE-ს მსგავსი გამოცდილება არ გააჩნია.

კომპანიის მტკიცებით, გამარჯვებულმა კონსორციუმმა თურქეთის ქალაქ ქოჯაელიში მხოლოდ უკვე არსებული ტრამვაის ხაზისა და დეპოს ინტერფეისული სამუშაოები შეასრულა, მაშინ როდესაც ქალაქში არსებული ერთადერთი ტრამვაის დეპოს პროექტირება და მშენებლობა Gülermak-მა განახორციელა. საჩივარს თან ერთვის ქოჯაელის მეტროპოლიტენის მუნიციპალიტეტის 2026 წლის 17 ივლისის ოფიციალური წერილი, რომელიც, YDA–Gülermak-ის განცხადებით, სწორედ ამ გარემოებას ადასტურებს. დოკუმენტი აპოსტილითაც არის დამოწმებული.

მომჩივანი ასევე ყურადღებას ამახვილებს გამარჯვებული კომპანიის საფასო შეთავაზებაზე. მისი შეფასებით, EYE-ის 287.7-მილიონიანი წინადადება დამკვეთის მიერ განსაზღვრულ სავარაუდო ღირებულებაზე დაახლოებით 31%-ით, ანუ თითქმის 129 მილიონი ლარით ნაკლებია, რის გამოც დამკვეთს უნდა დაედასტურებინა, ჩატარდა თუ არა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული „არანორმალურად დაბალი ფასის“ შეფასების პროცედურა.

საჩივარში საუბარია პროცედურულ დარღვევებზეც. YDA–Gülermak-ის განცხადებით, გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ შეტყობინებაში არ არის განმარტებული, რატომ არ შეირჩა მათი წინადადება, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ არის გამოქვეყნებული სატენდერო წესებით განსაზღვრული ტექნიკური და საკვალიფიკაციო დოკუმენტები, რაც, კომპანიის შეფასებით, გამჭვირვალობის პრინციპს ეწინააღმდეგება.

YDA–Gülermak თბილისის სატრანსპორტო კომპანიას სთხოვს, გადაამოწმოს გამარჯვებული კონსორციუმის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, გამოაქვეყნოს სატენდერო დოკუმენტაცია და საჩივრის სრულ განხილვამდე ხელშეკრულებას ხელი არ მოაწეროს. ამასთან, კომპანია მოითხოვს, რომ EYE დისკვალიფიცირდეს, თუ დადგინდება, რომ ის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, ხოლო კონტრაქტი YDA–Gülermak-ის ერთობლივ საწარმოს მიენიჭოს.

ცნობისთვის, დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის პროექტი 7.5-კილომეტრიანი ხაზისა და ტრამვაის დეპოს მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი Design-Build (DB) მოდელით განხორციელდება, რაც ერთ კონტრაქტორზე აერთიანებს როგორც პროექტირების, ისე მშენებლობის ვალდებულებას. პროექტის დასრულებისთვის 36-თვიანი ვადაა განსაზღვრული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

BM.GE

"ქართულმა ოცნებამ" და საჯარო უწყებებმა Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში $280,000-ზე მეტი დახარჯეს

"ქართულმა ოცნებამ" და საჯარო უწყებებმა Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში $280,000-ზე მეტი დახარჯეს

BM.GE

2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა ₾170 მილიონს მიაღწევს|სამინისტრო

2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა ₾170 მილიონს მიაღწევს|სამინისტრო

BM.GE

სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებს

სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებს

BM.GE