
მესტიაში საბალანსო მრიცხველების მონტაჟი დაიწყო - რას ნიშნავს?
მესტიის მუნიციპალიტეტში საბალანსო მრიცხველების დამონტაჟება დაიწყო. როგორც BM.GE-ის „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განუცხადეს, ოქტომბრის ბოლომდე 100-მდე მრიცხველის დამონტაჟება იგეგმება.
ივნისის ბოლოს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარების გაკონტროლისთვის კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ მესტიის გამრიცხველიანების გეგმავს ამზადებდა, რომლის პირველ ეტაპიც საბალანსო მრიცხველების დაყენებას ქვესადგურებთან, სატრანსფორმატორო პუნქტებთან მიმართულებების მიხედვით გულისხმობდა.
აქედან გამომდინარე BM.GE დაინტერესდა - დაიწყო თუ არა მაღალმთიან მესტიაში საბალანსო მრიცხველების მონტაჟი და რა ეტაპზეა პროცესი - ამ კითხვებით „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციით აწარმოებს.
„მესტიაში საბალანსო მრიცხველების მონტაჟის გეგმა-გრაფიკი შედგენილია. „ენერგო-პრო ჯორჯია“ პროცესს რეგიონული განვითარების და ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან კოორდინაციით აწარმოებს. გეგმის მიხედვით 100 საბალანსო მრიცხველი ოქტომბრის ბოლომდე უნდა დამონტაჟდეს. ამასთან, აღნიშნულის შესახებ საქმის კურსშია შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც საჭიროების შემთხვევაში პროცესში ჩაერთვება“, - განაცხადეს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.
ცნობისთვის, საბალანსო მრიცხველი გამოიყენება კომუნალური ქსელის (წყლის, ელექტროენერგიის ან გაზის) ძირითად გამომავალ ხაზზე საერთო მოხმარებისა და დანაკარგების ასათვლელად. ის აკონტროლებს კონკრეტულ უბანში ან ქსელში მიწოდებული და მოხმარებული რესურსების ზუსტ მონაცემებს; ადგენს, რამდენი რესურსი იკარგება ქსელში ავარიების ან უკანონო ჩართვების გამოლ ყოფს დიდ ქსელებს პატარა ნაწილებად და ზომავს თითოეული ზონის ხარჯს.
მესტიის გამრიცხველიანების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პირველ ივნისს მთავრობამ მაღალმთიან რეგიონში კრიპტომაინინგთან ბრძოლის შესახებ განაცხადა. იმ დროისთვის, ხელისუფლება მოსახლეობის გამრიცხველიანებას გეგმავდა ისე, რომ ადგილობრივებისთვის ელექტროენერგია საჭირო რაოდენობის ფარგლებში ისევ უფასო ყოფილიყო, ხოლო გარკვეული რაოდენობის ზემოთ დაწესდებოდა ლიმიტი, რომლის გადაჭარბების შემთხვევაშიც ადგილობრივებს ტარიფის გადახდა მოუწევდათ. იმ დროისთვის, ირაკლი კობახიძე მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარების სწორ პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის დამკვიდრების აუცილებლობაზე საუბრობდა. მისი განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის წლიური მოხმარება 133 მლნ კვტ/სთ-ია, მაშინ როდესაც მსგავსი მუნიციპალიტეტის მოხმარება 7 მლნ კვტ/სთ-ია.