
მასკის The Boring Company-ის შეფასებამ $23 მილიარდს მიაღწია
ილონ მასკის მიერ დაარსებულმა ინფრასტრუქტურულმა და გვირაბმშენებელმა სტარტაპმა, The Boring Company-მ $3 მილიარდის მოცულობის დაფინანსების რაუნდი წარმატებით დახურა. განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, ამერიკული სტარტაპის საბაზრო შეფასება $23 მილიარდამდე გაიზარდა.
უახლეს საინვესტიციო რაუნდში არაბთა გაერთიანებული საამიროები და მასთან დაკავშირებული საინვესტიციო სუბიექტები ლიდერობდნენ. ფინანსურ შეთანხმებაში ასევე მონაწილეობდნენ ისეთი მსხვილი ვენჩურული ფონდები და კომპანიები, როგორებიცაა: Human Capital, Vy Capital, Valor Equity Partners და Sequoia.
როგორც ცნობილია, მოზიდულ კაპიტალს კომპანია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან პარტნიორობის გაფართოებისთვის გამოიყენებს, რაც რეგიონში 150 კილომეტრზე მეტი სიგრძის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.
აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება პროექტ Dubai Loop-ს, რომლის მშენებლობის შესახებ წინასწარ შეთანხმებას The Boring Company-მ და დუბაის გზებისა და ტრანსპორტის სამინისტრომ ხელი გასულ წელს მოაწერეს. ამას გარდა, მოზიდული სახსრებით საინჟინრო, წარმოებისა და ოპერაციული მიმართულებებით კადრების დაქირავება, ასევე ლას-ვეგასში, ნეშვილსა და დუბაიში მიმდინარე პროექტების გაფართოება იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე დაფინანსების რაუნდის შედეგად კომპანიის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა. შედარებისთვის, 2022 წელს განხორციელებული $675-მილიონიანი ინვესტიციის შემდეგ, სტარტაპი $5.7 მილიარდად ფასდებოდა.
ილონ მასკმა The Boring Company ამბიციური მიზნებით 2017 წელს დააარსა. პროექტის შექმნის მთავარი ამოცანა სატრანსპორტო საცობებთან ბრძოლა და მიწისქვეშა მაღალჩქაროსნული სატრანსპორტო ქსელის განვითარება იყო აშშ-ის მასშტაბით, რომელიც მარეგულირებლების წინაღობის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა.
BM.GE
წყარო: bm.ge